სანამ „მართალთა ჯგუფის“ - დეპუტატების, რომლებმაც მმართველი პარტია/ფრაქცია დატოვეს „რათა სიმართლეც თქვან და ხელისუფლებასაც პრობლემები არ შეუქმნან“, მორიგ განცხადებაზე კომენტარს გავაკეთებ, არანაკლებ მნიშვნელოვან განცხადებას გთავაზობთ. ჩვენი თხოვნის საპასუხოდ, ჩაეტარებინათ ექსპერტიზა, კომპეტენტურმა სპეციალისტებმა დღეს დაადასტურეს, რომ მუსიკალური ფონი, რომლითაც იხსნება ტელეარხ „მთავარი არხის“ (რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური დასავლეთის ფეიკ-პროპაგანდის ინსტრუმენტი) საინფორმაციო გამოშვებები, დიდი ალბათობით, პენტაგონის ლაბორატორიაში შეიქმნა მოქალაქეებზე ფსიქიკაზე ზეგავლენის მოსახდენად - შეუმჩნევლად იწვევს მაყურებელში სტრესს, შფოთვას და დროთა განმავლობაში ნერვულ აშლილობას.
რაც შეეხება სუბარი - ყაველაშვილი - ხუნდაძის „სამეულს“, რომელიც უკვე გადაიქცა „კვარტეტად“ თუ „კვინტეტადაც“ კი, ეს ის საკითხია, რომლის გვერდის ავლაც მირჩევნია, რათა საქმეს ზიანი არ მივაყენო. ორი სიტყვით აღვნიშნავ, რომ ისინი ყოველთვის გაორებულ გრძნობას იწვევენ ჩემში. ერთის მხრივ, უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა დეპუტატები თავის ყოველ განცხადებაში ამხელენ აშშ-ის საელჩოს ვოლუნტარიზმს, რომელიც უხეშად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებსა და საგარეო პოლიტიკაში - ხისტ მითითებებს აძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, ზეწოლას ახდენს სასამართლო სისტემაზე, ღიად უჭერს მხარს რადიკალურ ოპოზიციას, "ქართული მაიდანის" მოწყობისა და კანონიერი ხელისუფლების სახელმწიფო გადატრიალების შეცვლის მიზნით, და ბოლოს - აიძულებს მთავრობას შეუერთდეს სამხედრო ოპერაციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
თუმცა, უნებურად ჩნდება კითხვა - სად იყვნენ ისინი ბოლო 10 წლის განმავლობაში, როცა პატიოსანი და წესიერი ქართველები საჯაროდ აცხადებდნენ იმავეს და ბევრად მეტსაც? ამაზე ვწერ 2004 წლიდან, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის წლებში, ამას ეძღვნება ჩემი ათობით პუბლიკაცია ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ანუ 2013 წლიდან. პატივცემული ყაველაშვილი გამოჩენილი სპორტსმენია და მაშინ ფეხბურთს თამაშობდა, ხუნდაძის შესახებ მაშინაც არავინ არაფერი იცოდა და დღემდე არ იცის, აი უხეირო ჟურნალისტი სუბარი კი მაშინ იყო პირველი ომბუდსმენი პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, ანუ სათნო სახე, რეჟიმის შირმა, რომელიც ჩვენ, სააკაშვილის ნაცისტების თითო-ოროლა მამხილებელს, გვეპყრობოდა როგორც გიჟებს, ცინიკური ღიმილით! მანამ, სანამ მიშამ მეგობარ "სახალხო დამცველს" უფლებები არ შეუზღუდა... ამიტომაც ეს "გულახდილობები" დიდ ინტერესს არ იწვევს მოსახლეობაში - ეს ყველაფერი მოქალაქეებმა უკვე იციან, სმენიათ.
ადამიანებს არ ესმით მხოლოდ ერთი რამ - რატომ არ ამბობენ „ა“-ს თქმის შემდეგ „ბ“-ს? რატომ წყვეტს სიტყვას „მართალი ჯგუფი“ ყოველ ჯერზე? ნუთუ პარლამენტარები იმდენად მხდალები ან ბრიყვები არიან, რომ ვერ ხვდებიან - აშშ-ის ელჩი და აშშ-ის საელჩო „მეისრეები“ არიან, ხოლო „მემანქანე“ ვაშინგტონშია?! განა გაბედავს ამერიკის რომელიმე ელჩი ადგილზე ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც იოტისოდენად მაინც განსხვავდება სახდეპის, კონგრესისა და თეთრი სახლის პოლიტიკისგან?! მით უმეტეს, კელი დეგნანი, საკმაოდ შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ქალბატონი, რის გამოც იგი მუდმივად რჩევას ეკითხება თავის წინამორბედს, ამჟამად პენსიონერ იან კელის ... და თუ ის გაბედავდა ინიციატივის გამოჩენას, რომელიც განსხვავდება აშშ-ის ოფიციალური კურსისგან, განა ასეთ თვითშემოქმედებით ელჩს ვაშინგტონში არ გაიწვევდნენ?!
ჰოდა, თუ ეს ყველაფერი „სიმართლის მოყვარულთა ჯგუფს“ ესმის, რატომ არ ამხელენ ელჩის ხელმძღვანელობას - სახელმწიფო მდივანს, კონგრესს, აშშ-ის პრეზიდენტს, რომლებიც საქართველოს პროტექტორატად აღიქვამენ და აქ კოლონიალურ პოლიტიკას ატარებენ? რატომ არ ააცხადებს ეს რამდენიმე მამაცი ქართველი პარლამენტარი, რომ საქართველოსთვის აშშ არა თანაბარუფლებიანი პარტნიორი, არამედ დესპოტი ბატონია? და რატომ არ მიდიან უფრო შორს - ბოდიშს არ იხდიან დაგვიანებული გამოფხიზლებისა და რუსეთის მიმართ მცდარი დამოკიდებულების გამო, არ აღნიშნავენ, რომ რუსი დიპლომატები არასოდეს მისცემენ საკუთარ თავს იმის მეათასედის უფლებასაც კი, რასაც აშშ-ის ელჩები ბედავენ?! ნუთუ მართლა კიდევ 10 წელი სჭირდება სიმართლის ამ მეორე ნაწილის თქმას?!
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2022 წლის 16 აგვისტო
საქართველო, თბილისი