საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი აფასებს, რომ მას ბევრი მოკავშირე და თანამოაზრე ჰყავს სხვადასხვა კონტინენტზე, რომლებიც ქედს არ უხრიან ჰეგემონს, ირჩევენ განვითარების თავისუფალ გზას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ იმას, რომ ჩვენ ქვეყანას ბევრი მოკავშირე, პარტნიორი, თანამოაზრე ჰყავს სხვადასხვა კონტინენტზე. ეს არიან სახელმწიფოები, რომლებიც ქედს არ იხრიან ე.წ. ჰეგემონის წინაშე. მათი ლიდერები ავლენენ ნამდვილ მამაკაცურ ხასიათს“, - განაცხადა პუტინმა ფორუმის - „არმია 2022“-ის მსვლელობისას.
მისი თქმით, ეს სახელმწიფოები ირჩევენ სუვერენულ, განვითარების დამოუკიდებელ გზას, სურთ, კოლექტიურად გადაწყვიტონ გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები საერთაშორისო სამართლის და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე.
„ამით კი, სურთ წვლილის შეტანა მრავალპოლარული მსოფლიოს დაცვაში“, - აღნიშნა პუტინმა.
დღესვე რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ყველაზე ფართო, ყოვლისმომცველ განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია მრავალპოლარული სამყაროს ფორმირების პირობებში.
ვლადიმერ პუტინმა ასევე, გამოაცხადა რუსეთის ინტერესი სხვა ქვეყნებთან ერთობლივი წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით და მონაწილეობისთვის პარტნიორები მოიწვია.
„ჩვენ ვიწვევთ ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო და სხვა ტიპის წვრთნებში“, - განაცხადა პუტინმა.
მან დასძინა, რომ რუსეთი დიდ პერსპექტივას ხედავს უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში.
interpressnews.ge