საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. 2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას ეხება.
ანგარიშში საფრთხეებად დასახელებულია: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები; 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექს და ქვირ პირთა (LGBTIQ) წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე; ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ.
„გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი დაჩქარებული წესით იყო მიღებული პარლამენტის მიერ ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე. ეს კანონები სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, დანიშვნის საკვანძო პროცედურებს, ფარული თვალთვალის პროცედურებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას მოიცავდა.
2021 წლის 19 აპრილს პოლიტიკურმა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უპრეცედენტო მაღალი დონის მედიაციის შედეგად პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების აღდგენას და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას ერთობლივი რეფორმების დღის წესრიგზე შეთანხმების საშუალებით. შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა, „თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა); ამასთანავე ადამიანის უფლებების მიმართებაში არსებითი უკუსვლა მოხდა“.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას“.
დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეებზეც.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს და 2021 წლის თებერვალში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე წინა სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისმა დაკავებამ შემდგომი პოლარიზაცია გამოიწვია. 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში, მისი გირაო ევროკავშირში დაფუძნებულმა ავტონომიურმა ორგანიზაციამ გადაიხადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები და პოლიტიკური პარტია „ლელო“ 2022 წლის იანვარში; ბრალდება და პროცესი სახალხო დამცველის აპარატმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გააპროტესტეს.
2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „მთავრის“ დირექტორის ,გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მას 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ორჯერ არის მსჯავრდებული და რომელსაც წინ კიდევ სამი სასამართლო პროცესი ელოდება, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და დააპატიმრეს. 2021 წლის შემოდგომაზე, სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლების სავარაუდო დარღვევამ შეშფოთება გამოიწვია. ბ-ნ სააკაშვილის სასამართლო საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის ნოემბერში დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოგზავნა. მან დაავალა მთავრობას მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყო შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უსაფრთხოება. მან ასევე ბ-ნ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვიტისკენ მოუწოდა. სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ბ-მა სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და სამედიცინო რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ ბ-ნ სააკაშვილის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.