პოლიტიკა
„ქართული ოცნებიდან“ წასული პარლამენტარები აშშ-ის საელჩოს მხილებას განაგრძობენ

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ნაცვლად იმისა, რომ ელჩს ქმედითი პასუხით ეჩვენებინა, რომ მეორე ფრონტის მიზნებისთვის რევოლუციურ სცენარს არ ამზადებს, ის ტელევიზიებში კლიპებს ათავსებს იმის შესახებ, რომ ამერიკას ომი არ უნდა - როცა საზოგადოება ქმედებით სხვა რამეს ხედავს, გვერწმუნეთ, კლიპებით თავის მართლება შედეგიანი ვერ იქნება,- ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის - „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მმართველი გუნდის ყოფილი წევრები აცხადებენ, ნათლად ჩანს, რომ ამერიკის საელჩოს მიდგომა ჯერაც არ შეუცვლია და „როგორც ხელისუფლების გადატრიალების, ისე მეორე ფრონტის გახსნის განზრახვა კვლავაც უაღრესად აქტუალურია“.

საზოგადოებას ყველაფერს ვახსენებთ არა საელჩოს დისკრედიტაციის მიზნით ან მასზე შურის საძიებლად, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს წინაშე არსებული არეულობისა და ომის საფრთხე სრულად მოხსნილი ჯერ კიდევ არაა, რისი რწმენაც ელჩის ბოლო ინტერვიუმ საბოლოოდ გაგვიმყარა:

ჩვენს შეკითხვებზე კელი დეგნანის რეაქციიდან ნათლად ჩანს, რომ მიდგომა საელჩოს ჯერაც არ შეუცვლია და როგორც ხელისუფლების გადატრიალების, ისე მეორე ფრონტის გახსნის განზრახვა კვლავაც უაღრესად აქტუალურია. ნაცვლად იმისა, რომ ელჩს ქმედითი პასუხით ეჩვენებინა, რომ მეორე ფრონტის მიზნებისთვის რევოლუციურ სცენარს არ ამზადებს, ის ტელევიზიებში კლიპებს ათავსებს იმის შესახებ, რომ ამერიკას ომი არ უნდა. როცა საზოგადოება ქმედებით სხვა რამეს ხედავს, გვერწმუნეთ, კლიპებით თავის მართლება შედეგიანი ვერ იქნება;

საელჩოს მიდგომის უცვლელობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პუნქტის გარშემო შექმნილი სამუშაო პროცესის პარალელურად, საელჩოს ფავორიტმა რადიკალურმა პარტიებმა პარალელური პროცესი წამოიწყეს, რაც კონსტიტუციური სისტემის საბოტაჟის კიდევ ერთი გამოხატულებაა;

გარდა ამისა, კვლავაც გრძელდება ამერიკასთან სრულ კოორდინაციაში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ომისკენ მიმართული მოწოდებები, რომლებსაც საელჩო პრინციპულად არ ემიჯნება;

კიდევ ერთხელ აგორდა შოვინისტური კამპანია რუსი ტურისტების წინააღმდეგ, რომელშიც საელჩოს ფავორიტ რადიკალურ ოპოზიციასთან და ენჯეოებთან ერთად, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, საელჩოს კიდევ ერთი გამორჩეული ფავორიტი - სახალხო დამცველიც კი ჩაერთო;

ასევე, გრძელდება ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი შვეიცარიული ბანკის მეშვეობით, საიდანაც ომის დაწყებისთანავე გადარიცხვების შეჩერებას ამერიკის ელჩისგან მყისიერად შეხვედრის მოთხოვნა მოჰყვა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ ამერიკის საელჩოს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის გავლენების შესახებ საუბარზე. მათი თქმით, საელჩოს სურვილია, ბიძინა ივანიშვილმა თავისი გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს.

ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გავლენიანი ფიგურააო. ამასთან, მან პასუხი არ გასცა შეკითხვას ივანიშვილის „ოლიგარქობის“ შესახებ და თქვა, ეს ხალხმა უნდა განსაჯოსო. როდესაც კითხვაზე პასუხს, თითქოს, თავს არიდებ და ამავდროულად, ყველა შენს მიერ კოორდინირებულ პარტიას, „ენჯეოს“ და უცხოელ ლობისტს სიტყვა „ოლიგარქი“ აკერია პირზე, ცხადია, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, შესაბამისი კამპანია საელჩოს მიერ რომ არ იყოს კოორდინირებული, ელჩი ამ სიცრუეს მარტივად გაემიჯნებოდა.

ბიძინა ივანიშვილი რომ საქართველოში გავლენიანი ფიგურაა, ეს სრულიად საქართველომ ელჩის უთქმელადაც იცის. მან ეს გავლენა თავისი ცხოვრების წესითა და ქვეყნისა და ხალხისთვის გაკეთებული მრავალი საქმით შექმნა, რითაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. საელჩომ ზუსტად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის რესურსს ხალხს სიყვარულით ახმარს და გავლენას ხელისუფლების სამართავად ან გასაკონტროლებლად არ იყენებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს რომ ასე არ იყოს, საელჩოს ე.წ. არაფორმალური მმართველობის არაერთი მტკიცებულება ექნებოდა.

ბიძინა ივანიშვილს მართვა რომ ნდომოდა, ვერც პოლიტიკიდან გასვლას აიძულებდა და ვერც პოლიტიკაში დაბრუნებას დაუშლიდა ვინმე. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოში ხალხისთვის, გაუსაძლისთან ერთად, სრულიად უპერსპექტივო ვითარება შეიქმნა, 2018 წელს კი, პოლიტიკაში მაშინ შემობრუნდა, როდესაც მმართველი გუნდი შიგნიდან მოიშალა, რამაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას სერიოზული რისკები შეუქმნა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში პასუხისმგებლობას არასოდეს გაურბის და შესაბამისად, საელჩოს მიერ კოორდინირებული ოპოზიციის მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. „ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი მყარად უძღვება ქვეყნის მართვის საქმეს და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი ინტერესი არა აქვს.

ასეთ ვითარებაში, საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის გავლენის რეგულარულ შეხსენებას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - საელჩოს აშკარად ის ანერვიულებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში თავის გავლენას სწორედ რომ არ იყენებს. საელჩოს სურვილია, ბიძინა ივანიშვილმა ეს გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს. სწორედ მეორე ფრონტის ინტერესს ემსახურება გაუგონარი შანტაჟი, რომელიც მასზე შვეიცარიული ბანკის მეშვეობით ხორციელდება. სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების მიზნით მონათლეს ის, საელჩოს კოორდინაციით, ოლიგარქად და მას სხვადასხვა მხრიდან ფორმალური სანქციებითაც კი ემუქრებიან.

სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების ინტერესი არის იმის მთავარი მიზეზი, რომ პოლიტიკიდან დისტანცირების მიუხედავად, ის დღესაც საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის მთავარი ობიექტია. ამასთან, ყველაფერი ისეა დაგეგმილი, რომ ეს შეტევა ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ერთდროულად არის მიმართული. როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად და არაფორმალურ მმართველად აცხადებენ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემის დაკნინებაა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანის დაცვას იმსახურებს, თუმცა, მას ეს დაცვა არ სჭირდება. შესაბამისად, ამ თემაზე საუბრისას, ჩვენი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვაა, რაც სახელმწიფოებრივ ამოცანად მიგვაჩნია.

ყველა ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოსადმი და მისი ხელისუფლებისადმი მიდგომა საელჩოს არ შეუცვლია და ის მომავალშიც, პოლარიზაციის ხელოვნურად შენარჩუნებისა და გაღრმავების ხარჯზე, რევოლუციის მოწყობასა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას ეცდება.

ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა საელჩოს გამუდმებული მოთხოვნები ისეთი სამართლებრივი რეგულაციების დადგენის შესახებ, რომელთა შემოღების შემთხვევაში ქვეყნის მართვა უკიდურესად გართულდება, ან სულაც, შეუძლებელიც კი გახდება. აღნიშნულის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ცესკოს, გენერალური პროკურორისა და მოსამართლეების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი, რასაც განვითარებული დასავლური დემოკრატიების პრაქტიკაში ანალოგი არა აქვს. აღნიშნულის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაშია დანერგილი და იქაც სერიოზული პრობლემებით მოქმედებს. აშკარაა, რომ საელჩოს კონსტიტუციურ წესრიგში წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა სურს, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას სერიოზულ რისკებს უქმნის.

ასეთ პირობებში, მხოლოდ ხალხის ძალას შეუძლია დაიცვას ქვეყანა, ხალხის მთავარი იარაღი კი სიმართლეა, რომლითაც ის სათანადოდ უნდა იყოს აღჭურვილი. ჩვენი მთავარი ინტერესი ქვეყნის გადარჩენაა, თორემ განადგურებულ ქვეყანას გინდა სტრატეგიული და გინდაც არასტრატეგიული პარტნიორი ვეღარაფერში გამოადგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დიდი უბედურების თავიდან ასაცილებლად, ხალხი საელჩოს ქმედებებთან დაკავშირებული სამწუხარო რეალობის შესახებ გავათვითცნობიეროთ, რათა სიმართლით შეიარაღებული ხალხის ძალით ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და გადავარჩინოთ.

კარგად გვესმის, რატომ არ სურს „ქართულ ოცნებას“ საელჩოსთვის ბოლომდე ნიღბის ჩამოხსნა. ისინი ფიქრობენ, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საელჩოს მეორე ფრონტის ინტერესი გაუქრება და საქართველოსა და მისი მოქმედი ხელისუფლების მიმართ მისი მიდგომაც შეიცვლება. ამიტომ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას სამომავლოდ რომ გაუფრთხილდეს, სიმართლე გარეთ არ გამოაქვს. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ისიც უნდა გაიაზროს, რომ საზოგადოება სიმართლეს ახლა თუ არ გაიგებს, შემდეგ მისი გაგება შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ საზოგადოებას ფართოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე პოლიტიკის კულისებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საზოგადოებისთვის სათქმელი კიდევ ბევრი დაგვრჩა და ამ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით, როდესაც ამის დრო დადგება“,- ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.