აქტუალური
მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა საქართველოში 2021 წელს

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 10 აგვისტოს საქართველოში მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) პირველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც მომსახურების სახეებისა და მოვაჭრე ქვეყნების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

საქსტატის განმარტებით, მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა გულისხმობს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის ისეთი ოპერაციების განხორციელებას, რომლებიც არ უკავშირდება საზღვარზე საქონლის ფიზიკურად გადაადგილებას და მას სხვანაირად „უხილავ“ ვაჭრობასაც უწოდებენ.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 2 546.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით, 61.2%-ით მეტია, ხოლო იმპორტი – 1 822.8 მლნ. აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 25.2%-ით აღემატება.

ამავე ინფორმაციით, 2021 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 724 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის სავაჭრო ბალანსზე თითქმის 6-ჯერ მეტია.

2021 წელს მომსახურების ექსპორტში პირველ ადგილზე მოგზაურობა იყო 1 244.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 48.9%-ია. მეორე ადგილზეა სატრანსპორტო მომსახურება 822.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 32.3%), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 215.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.5%).

რაც შეეხება მომსახურების იმპორტს, ამ მიმართულებით, 2021 წელს პირველი ადგილი სატრანსპორტო მომსახურებას ეკავა 1 086.4 მლნ. აშშ დოლარი და მომსახურების მთელი იმპორტის 59.6%-იყო. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 184.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.1%), ხოლო მესამე ადგილზეა სადაზღვევო მომსახურება 119.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5%).

2021 მომსახურების ექსპორტის მიხედვით უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ – თურქეთი – 365.5 მლნ. აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 242.1 მლნ. აშშ დოლარით; უკრაინა – 206.7 მლნ. აშშ დოლარით; რუსეთი – 189 მლნ აშშ დოლარით და ისრაელის – 144.8 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება მომსახურების იმპორტს, 2021 წელს ამ მიმართულებით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ – ჩინეთი – 344.7 მლნ. აშშ დოლარი; ირანი – 121.5 მლნ. აშშ დოლარით; თურქეთი – 102.3 მლნ. აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 101.6 მლნ აშშ დოლარით და გერმანია – 83.5 მლნ აშშ დოლარით.