აქტუალური
„მედიაკოალიცია“: ქართული ოცნების მიერ კრიტიკული ტელევიზიების დაჯარიმების მოთხოვნა „საგანგაშოა“

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანება, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საგანგაშოდ მიიჩნევს ქართული ოცნების მოთხოვნას, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააჯარიმოს სამი „კრიტიკული“ ტელევიზია – „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ კამპანია „შინ ევროპისკენ“ კლიპის ეთერში განთავსების გამო.

კოალიციის 10 აგვისტოს განცხადებით, ქართული ოცნება კომუნიკაციების ეროვნული კომისიისადმი მიმართვაში თავადვე მიუთითებს, რომ საქმის წარმოების მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი გზავნილების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა.

მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან“, – აცხადებენ კოალიციაში.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები.

კოალიციის გამოხმაურება პარტია ქართული ოცნების კომუნიკაციების ეროვნული კომისიისადმი 5 აგვისტოს მიმართვას მოჰყვა, რომელსაც ხელს ქართული ოცნების თვმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მინდობილი პირი, სერგო ჯორბენაძე აწერს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ დასახელებული ტელეკომპანიების ეთერში 23 და 24 ივნისს გასული „წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის შინაარსის ვიდეორგოლების“ მიზანი მმართველი პარტიისა და „მისი იდეის“ უარყოფითად ფორმირება და სამომავლოდ არჩევნებში მათი არჩევისთვის ხელშეშლაა. მმართველი პარტიის განცხადებით, სარეკლამო რგოლში კონკრეტულ სახეებზე მითითებით, „ცხადად“ ხდება ქართული ოცნების იდენტიფიცირება.

ამასთან, პარტიის შეფასებით, სარეკლამო რგოლი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს, მათ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე“.

საარჩევნო კანონმდებლობაზე მიუთითებით, მმართველი პარტია განმარტვს, რომ წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა საარჩევნო სუბიექტებისადმი მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული უნდა იყოს. ამასთან, „ოცნებაში“ ხაზს იმასაც უსვამენ, რომ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსება მაუწყებლებს კენჭისყრამდე 50-ე დღემდე ეკრძალებათ.

ქართული ოცნების მტკიცებით, „ფორმულამ“, „მთავარმა არხმა“ და „ტელეკომპანია პირველმა“ არასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსებით *მაუწყებლობის შესახებ კანონის 70-ე მუხლის I და 63-ე მუხლის II პუნქტები დაარღვიეს და მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.

სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ვიდეორგოლში, რომელიც მოქალაქეებს 24 ივნისს, პარლამენტის წინ პროევროპულ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს, მოქმედება ერთ-ერთ ოჯახში ხდება, რომლის წევრებიც ჩართული ტელევიზორიდან უკრაინაში მიმდინარე ომისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ მმართველი გუნდისა და მათთან დაახლოებული პირების განცხადებებს ისმენენ და სხვადასხვა ჟესტიკულაციითა თუ მიმიკით ბრაზს გამოხატავენ.

მაგალითად, ვიდეორგოლში ჩანს და ისმის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგი განცხადებები – ამაზე ვსაუბრობდი მე 25 თებერვალს, ჯერ კიდევ, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა“; „ვინაიდან უკრაინა არის ომში, სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს“; „ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური“.

ასევე: ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება – ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“; დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადება – ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით იყო აბსოლუტურად სამარცხვინო“; ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლკის განცხადება – მე ვიტყოდი, რომ თავად ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, ვინც ფეიკს ქმნიან“; ქართულ ოცნებასთან დაახლოებული მომღერლისა და ტელეწამყვანის, უცნობის განცხადება – როგორ ხაფანგშიც შეათრიეს უკრაინა, ყველამ ერთად, ისეთ ხაფანგში ჩვენ ვეღარ შეგვათრევთ“ და სხვ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იურისტი, თამთა მურადაშვილი დარწმუნებულია, რომ კომუნიკაციების კომისია დაადგენს, რომ სამმა ტელევიზიამ დაარღვია კანონი და მათ „დასჯის“. ვფიქრობ, განსაკუთრებულ სადამსჯელო ღონისძიებას გაატარებს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებულად ვაწუხებთ მათ“, – დასძინა მან.

ტელეკომპანია პირველის“ ერთ-ერთ დირექტორს, ნანა აბურჯანიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ კომისია საკითხს „მართლაც სამართლებრივ ჩარჩოებში და ობიექტურად“ განიხილავს. ძალიან რთულ ვითრებაში გვიწევს ჩვენ, კრიტიკულ მედიას არსებობა და ესეც მორიგი გამოწვევაა, მორიგი სანქციის სუნი ასდის ამ ყველაფერს“, – ხაზი გაუსვა მან.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლისთვის, მიშა მშვილდაძისთვის გაუგებარია, თუ რა არ მოეწონათ მმართველ პარტიაში, რადგანაც კლიპში არაფერია „მანიპულირებული“ და ინტერპრეტირებული. „[კახა] ბექაური [კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომრე] არ გაუწბილებს იმედებს. დარწმუნებული ვარ და დაგვაჯარიმებენ სამივეს“, – აღნიშნა მან.