სამართალი
გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა შალვა წიკლაურმა შიმშილობა გამოაცხადა

tetrebiii-logoახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობის“ (თეთრები) წევრმა, საქართველოსა და გერმანიის მოქალაქე შალვა წიკლაურმა 21 მაისს ბათუმსა და 26 მაისს თბილისში მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევისა და დაჭერების პროტესტის ნიშნად გერმანიაში შიმშილობა გამოაცხადა.

„მე ეროვნული მოძრაობის სათავეებთან მდგომი პიროვნება ვარ, ვამაყობ იმით, რომ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად მთავარი საბჭოს წევრი ვიყავი, მძიმე პერიოდები გავიარეთ და მივედით თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველომდე. ვერცკი წარმოვიდგენდი, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ხელისუფლება ასეთი სიძულვილით იქნებოდა საკუთარი ხალხის მიმართ განწყობილი. შემძრა თეთრების მიერ მომზადებულმა ანალიტიკურმა დოკუმენტმა „საქართველოს მოსახლეობის გენოციდი“, „მხილების მუზეუმში“ მოცემულმა ხელისუფალთა სასახლეებმა. მაგრამ ის, რაც 26 მაისს მოხდა, ჩემს ყველანაირ წარმოდგენას აჭარბებს. ყველაფერი ამის შემდგომ, რომ საქართველოს მოსახლეობას გენოციდს უწყობენ, ხელისუფალნი განცხრომით ცხოვრობენ, სისასტიკეს იჩენენ საკუთარი ხალხის მიმართ, ქართველობას არბევენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, იჭერენ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს, იჭერენ ჩემს მეგობარ სოსო ჯაჭვლიანს... მე უფლება არ მაქვს, მშვიდად და წყნარად ვიყო. სწორედ ამიტომ ვიწყებ შიმშილობას, რადგან მხარდაჭერის ყველა სხვა ფორმას აზრი დაკარგული აქვს“, – ასეთი სიტყვებით მიმართა ბატონმა შალვამ თავის მეგობრებს გერმანიაში და „თეთრი მოძრაობის“ დამფუძნებლებს.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ ბატონმა შალვა წიკლაურმა აცნობა ფრანკფურტში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბატონ კარლ ჰაფენს და ქალბატონ ვანდა ფონ ზიგლერს, აგრეთვე, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას.

შალვა წიკლაური აკაკი წერეთლის სახელობის მე-19 საშუალო სკოლის (ოსეთში) კურსდამავრებულია, არის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის EGFM გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი, ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობის“ წევრი და ქართულ-ოსური მისიის დამფუძნებელი.