ბეჭვაიას ფეხბურთში აბრუნებენ
სულ ცოტა ხნის წინათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რამდენიმე ფეხბურთელი ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობაში ამხილა და ქართული ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთა. მათ შორის წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, „ვიტ ჯორჯიას“ კაპიტანი გიგა ბეჭვაიაცაა, რომელიც საბოლოო დასკვნის გამოტანამდე, როგორც საქინფორმისთვის ცნობილია, სფფ-ის პრეზიდენტსაც ესაუბრა.
სფფ-ის აღმასკომისა და სადისციპლინო კომიტეტის მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ზვიად სიჭინავა ფეხბურთელის მამასაც შეხვდა და დაჰპირდა მას, რომ ერთი წლის შემდეგ მისი შვილი ფეხბურთის თამაშს აუცილებლად შეძლებდა. მიუხედავად დაპირებისა, ბეჭვაია ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს. როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, სფფ-ის პრეზიდენტმა ფეხბურთელს შეუთვალა, ვარჯიშისთვის თავი არ დაენებებინა, ვინაიდან ერთ წელიწადში მას ისევ მიეცემა თამაშის უფლება.
ამრიგად, სამუდამო დისკვალიფიკაციამიცემულ ფეხბურთელს, ჩვენი წყაროს ცნობით, ისევ ვიხილავთ ფეხბურთში ერთი წლის შემდეგ.