საზოგადოება
სააკაშვილი მომავალ წელს ეკონომიკის ორნიშნა ზრდას გვპირდება

MikheilSaakashviliპრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ივნისს განაცხადა, რომ 2012 წელს საქართველოს ეკონომიკა „ალბათ“ ორნიშნა ციფრით გაიზრდება.

„ჩვენ უნდა გვქონდეს ორნიშნა ზრდა და ეს დაეფუძნება დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს – ეს არის დიდი ჰესების მშენებლობა... ეს არის ტურიზმი... და ეს არის სოფლის მეურნეობა, რომელიც უნდა გავაორმაგოთ უახლოეს წლებში“, – განაცხადა მან.

2011 წელს მთავრობას 5.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა აქვს განსაზღვრული. შარშან მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა, 2009 წელს კი საქართველოს ეკონომიკაში 3.8-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. საქართველოში ეკონომიკის ორნიშნა ზრდა 12 პროცენტის ოდენობით 2007 წელს იყო.

პრეზიდენტმა გუშინ მარტვილში გამართულ შეხვედრაზე გუბერნატორებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე, ეკონომიკის მინისტრისგან მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინვესტიციების მოზიდვის შესახებ ინფორმაციები მოისმინა. ეს შეხვედრა ტელევიზიით თითქმის 50 წუთის განმავლობაში გადაიცემოდა.

„საქართველოში 2013 წელი არის ისტორიული პერიოდი არა იმიტომ, რომ ჩემი საპრეზიდენტო ვადა მთავრდება, არამედ იმის გამო, რომ საქართველოში გაკეთდება ის, რაც არასდროს არ ყოფილა, – განაცხადა სააკაშვილმა. – ყველგან იქნება მაგარი გზა... თითქმის ყველა ძირითად ადგილებში იქნება მაგარი წყალსადენი, ყველგან ონკანიდან მოვა წყალი, 2013 წელს გვეყოლება უფრო მეტი ტურისტი ან იმდენივე, რამდენიც გვყავს საქართველოს მოსახლეობა. 2013 წელს უმუშევრობა საქართველოში უკვე უნდა ჩამოვიდეს 16 პროცენტიდან დაახლოებით 10 პროცენტის ფარგლებში, თუ ეს ყველა დანარჩენი პროექტები განხორციელდება“.

მისი თქმით, ტურიზმის გარდა, სწრაფი დასაქმების მისაღწევად ყურადღება ტექსტილის წარმოებაზე უნდა გამახვილდეს.

„არ არის არცერთი რეგიონი საქართველოში, გარდა ოკუპირებულებისა, სადაც არ ხორციელდება ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ ქვეყნის განვითარებას ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა მან და დასძინა: „ცუდი ციფრია 13, მაგრამ ძალიან ბედნიერი ციფრი იქნება საქართველოსთვის, თუ ყველაფერი ეს განვახორციელეთ“.

პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ გუბერნატორების უფლებამოსილებები გაიზრდება, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

მისი თქმით, საზოგადოებასთან ანგარიშების ტრადიცია უნდა გაგრძელდეს, რათა „მუდმივად ვახსენებდეთ ჩვენს ხალხს, რა კეთდება“. მან, ასევე, მოუწოდა გუბერნატორებს, რომ „ანგარიშვალდებულების რეჟიმში იმყოფებოდნენ არა მხოლოდ ჩემთან და მთავრობასთან, ზოგადად, არამედ, პირველ რიგში, საზოგადოებასთან იმ მხარეებში, რომლებსაც თქვენ ხელმძღვანელობთ“.