საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს რუსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს. ახლა რომ საუბრობენ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთთან, რაზეა საერთოდ საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს კამპანია, რომელიც ჰიბრიდული ომის ნაწილია.
„არის ასე ვთქვათ, გარკვეული ტრენდი, საქართველო რუსეთზე დამოკიდებულია, საქართველო დასავლეთს სცილდება. შემდეგ ამის საპირისპიროდ თავადვე აწარმოებენ კამპანიას, დასავლეთი კარგია და ასე შემდეგ. თავადვე ქმნიან ყალბ აღქმებს და შემდეგ ყალბ აღქმებს ებრძვიან.
რაც შეეხება დამოკიდებულებას. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ საქართველო შეიძლება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული ქვეყანაა. იცით, რომ მათ შორის რაც შეეხება ენერგომატარებლებს, ამ კუთხით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ნაკლები დამოკიდებულება გვაქვს რუსულ ბაზარზე. ასევე, იცით, რომ ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს რუსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს. ახლა რომ საუბრობენ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთთან, რაზეა საერთოდ საუბარი.
რა თქმა უნდა, საბაზრო ეკონომიკა თავისი ლოგიკით მოქმედებს. საბაზრო ეკონომიკაში დევს ის ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფს გარკვეული რისკების გადაფარვას და მათ შორის ამ კუთხით სახელმწიფოს მონაწილეობა შეიძლება, იყოს დივერსიფიკაცია, რასაც სახელმწიფო ყოველთვის ახალისებს. იცით, რომ მაგალითად, საქართველოში ხორბლის და მარცვლეულის ექსპორტი შეჩერდა სწორედ იმიტომ, რომ ამ კუთხით რაღაც რისკები იქნას დაზღვეული. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ არის ჩვეულებრივი კამპანია. კვლავ მიმდინარეობს, როგორც აქამდე მიმდინარეობდა, რაც საქართველოს, ხელისუფლების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილია, თითქოს რაღაც ბუნდოვანებებია პოზიციებთან დაკავშირებით. ეს ჩვეულებრივი ნაწილია კამპანიისა, რომლის მთავარი მიზანია ხელისუფლების შერყევა. ამას ხალხი ხედავს და უკვე რეაქცია აღარაფერი არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა: „რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის – ნაწილი ტურისტი და ნაწილი ყიდულობს ბინებს, ცხოვრობენ დიდი ხნის განმავლობაში. ხედავთ თუ არა საჭიროებას, რომ შეიქმნას რაღაც ფილტრი, რომელიც გააკონტროლებს ჩამოსვლის დროს, რა პერიოდის განმავლობაში გაჩერდებიან საქართველოში ან სავიზო მიმოსვლა ხომ არ უნდა შეიქმნას“.
პაპუაშვილის თქმით, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლათან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ კამპანია ქსენოფობიურ კამპანიაში გადაიზარდა.
„შემოსვლის კუთხით არაფერი შეცვლილა არც რაოდენობაში, არც ვიზასთან დაკავშირებით. არაფერი არ შეცვლილა ბოლო წლებთან შედარებით. 2020 წლის და 2021 წლის აღება რომ ხდება, არ არის რელევანტური, რადგან პანდემია იყო და მაგ დროს სხვანაირად იყო საერთოდ გადაადგილება მსოფლიოში. რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს კამპანია არ არის ახალი. მარტში იყო ეს კამპანია და ვნახეთ, სადამდე მიგვიყვანა. გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში, გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ. ეს კამპანია ქსენოფობიას ახალისებს. მიკვირს, რომ ამაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ჩართული არიან ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციები, აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს. მით უმეტეს, ძალიან კარგად იციან, კვლევებიც არსებობს, მაგალითად, თუ ვსაუბრობთ რუსეთის მოქალაქეებზე, რა ჯგუფები შემოდიან ჩვენთან. ესენი ძირითადად არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი. ძირითადად არიან აიტის, კულტურის, მენეჯმენტის სფეროებიდან. ესაა საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, დემოკრატია, თავისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში არის. ამიტომ ეს კამპანიაც ნაწილია იმ ჰიბრიდული ომისა, რომელიც გულისხმობს, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას უნდა დააბრალონ რაღაც ტენდენციები. სხვათა შორის შემდეგ იგივე პოლიტიკოსებს წუხილი უწევდათ და ლამის ბოდიშების მოხდა, რომ თავის დროზე, მარტში ხმა არ ამოიღეს, როდესაც ვიზებთან დაკავშირებული კამპანია პირდაპირ ქსენოფობიაში გადავიდა და როდესაც რუს მოქალაქეს ქვა ესროლეს ჭავჭავაძის გამზირზე.
საქართველოში შემოსვლას აქვს თავისი წესები. იქ რაიმე პოლიტიკური გემოვნებების ცენზები არ არსებობს. თუ ფიქრობთ, რომ საზღვარზე უნდა იდგეს ადამიანი, რომელიც ჩაატარებს ტესტებს და შეამოწმებს, ვინ ვის სიმპატიზირებს და ასე შემდეგ, გასაგებია, მაგრამ ესეც გახლავთ დეზინფორმაციის ნაწილი. კვლევებით ყველამ იცის, რომ ის ხალხი, ვინც აქ შემოდის, 90 პროცენტზე მეტი არიან ადამიანები, რომლებიც მათ შორის რუსეთში პოლიტიკურ სისტემას არ ეთანხმებიან. ესენი არიან შეძლებული ახალგაზრდები აიტის სექტორიდან და სხვა შემოქმედებითი სექტორიდან, რომლებსაც სურთ თავისუფლების გარემო, რომელიც ჩვენს სამშობლოშია“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ათი წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ფილოსოფია დამყარებულია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის რუსული პროექტი.
„ათი წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ფილოსოფია დამყარებულია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის რუსული პროექტი. ამას ახლა ხომ არ ვისმენთ, რამე ახალი ხომ არ არის. ათი წელია, ეს გვესმის, ათი წელია, ამ შხამით წამლავენ საკუთარ მომხრეებს, რომ შეაზიზღონ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის ერთი მიზანი – საკუთარი ხელისუფლება შეაზიზღონ საკუთარ მომხრეებს. ათწლიანი პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს, განსაკუთრებით გამწვავებულია და ბოლო რამდენიმე თვეა, უკვე ჰიბრიდული ომის ფორმაშია გადასული. ერთადერთი მიზანია ხელისუფლების შერყევა, ხელისუფლების დაბრუნება. ამის შედეგები რაც არის, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. მთავარია, რომ ქართველი ხალხი ამ ყველაფერს კარგად ხედავს. ქართველმა ხალხმა რამდენჯერმე უკვე შეაქცია ზურგი ამ ძალებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.