სამართალი
ადვოკატი: სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და მას არ ეპოლიტიკება

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ამ 10 წლის განმავლობაში სააკაშვილი საფრთხობელა იყო და თავიანთ ელექტორატს მობილიზაციას სააკაშვილის ფაქტორით უკეთებდნენ, ხალხს აშინებდნენ - აი, მოვა სააკაშვილი, თუ მხარს არ დაგვიჭერთო - ეს „საფრთხობელა“ თამაშიდან რომ გადის, ეს აშინებთ, მერე რა ქნან, არ იციან, ვითომ კობახიძეა ფიგურა და სააკაშვილი არ ყოფილა არაფერი, სასაცილოა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

ადვოკატმა ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა და აღნიშნა, რომ ის დღეს შედარებით, უკეთესად გამოიყურებოდა.

ბოლო ერთი კვირაა, მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს, დღეს ვნახე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უკეთ გამოიყურება, ვიდრე ბოლო შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის სასიამოვნოა. რაც შეეხება იმ ნაწილს, რაზეც ბოლო ერთი კვირაა აჟიოტაჟია ატეხილი, მას აქვს ასეთი დაზუსტებული პოზიცია, რომ ახლა მისი ჯანმრთელობა იმდენად აქტუალური და მთავარი საკითხია, რომ პოლიტიკისთვის არ სცალია და არც აპირებს აქტიურად, ან რაიმე ფორმით გააგრძელოს პოლიტიკაში ყოფნა. პოლიტიკის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, დღეს, მხოლოდ ერთი საკითხია - მისი ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე. მარტივი ფორმულაა, მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, ამიტომ მას არ ეპოლიტიკება ამ წუთში”, - განაცხადა გელბახიანმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის თავმჯდომარეზე ნაწყენი არ არის.

ჩვენ, ადვოკატებს არ გვითქვამს, არც მას უთქვამს, რომ ვინმეზე ნაწყენია, რომ პარტიას ემიჯნება, ეს არის დატრიალებული ინტერპრეტაცია, ამაზე ის კომენტარს არ აკეთებს და არც ჩვენ ვართ უფლებამოსილი, ვისაუბროთ. ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სავალალოა, აქედან გამომდინარე, პოლიტიკისთვის არ სცალია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პარტიის ლიდერის, ბატონი მელიას მიმართ არანაირი წყენა მას არ აქვს, პირიქით, თქვა, რომ მელია ეძებს სწორ ფორმულირებას, რომ კონფლიქტის ეს ფორმა არ მიეცეს, ეს ნიშნავს, რომ მის განცხადებებს პოზიტიურად აფასებს“, - განაცხადა გელბახიანმა.