საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოს საინვესტიციო კლიმატია შეფასებული.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მგრძნობიარეა გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ, 1991 წლიდან საქართველომ ფართო ეკონომიკური რეფორმები განახორციელა, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა.
„საქართველო, რომელიც დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გასაყარზე მდებარეობს, მცირე, მაგრამ ღია ბაზარია, რომელიც სარგებელს იღებს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ იგი მგრძნობიარეა გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ, 1991 წლიდან ქვეყანამ ფართო ეკონომიკური რეფორმები განახორციელა, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა. ზრდის საშუალო ტემპი 2005 წლიდან 2019 წლამდე 5%-ზე მეტი იყო და საქართველოს რეიტინგები შთამბეჭდავად გაუმჯობესდა გლობალურ ბიზნესში, მმართველობაში, კორუფციასთან ბრძოლასა და სხვა ინდექსებში.
Heritage Foundations-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ 26-ე ადგილი დაიკავა, ხოლო Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში 45-ე ადგილი.
ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციაზე და მცურავ რეალურ გაცვლით კურსზე, თუმცა უკანასკნელზე გავლენა იქონია რეგიონულმა მოვლენებმა, მათ შორის რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და სხვა საგარეო ფაქტორებმა. მაგალითად, უფრო ძლიერმა დოლარმა“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამ წარსული მიღწევები შემოატრიალა და მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინა ეროვნულ ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე.
„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდა, განსაკუთრებით მკვეთრი ზარალით ტურიზმის სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირველ ტალღას, ინფიცირების მაჩვენებელი 2021 წლის მეორე ნახევარში გაიზარდა. ამან აიძულა მთავრობა, მიეღო მთელი რიგი შეზღუდვები, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ აქტივობაზე.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და აჩვენა ძლიერი ზრდა, 10.4%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ოპტიმისტურ პერსპექტივას პროგნოზირებდნენ 2022 წლისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და ზრდის დაბალი მოლოდინი განაპირობა.
მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის. თუმცა, მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება.
სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესზე მიუთითებენ, ასევე, სირთულეებზე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით; არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე; ბრალდებებზე პოლიტიკური ჩარევის შესახებ; რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის, სავაჭრო კანონების, საკუთრების უფლებების და სხვა. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, ქვეყანა რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის წარმოების კარგი ადგილი“, – აღნიშნულია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია ექსპროპრიაციის შესახებ დავებზე.
„ექსპროპრიაციის შესახებ დავები საქართველოში გავრცელებული არ არის, თუმცა წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომელიც არ გახლდათ გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“.