ბუნებაში არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში საცობივით ხან ერთ, ხან მეორე ადგილას მორგებას ცდილობს. სხვა არაფერი შუძლია და იმიტომ. რუსულად საცობს, იმავე „პრობკას“, უტვინო და გაუნათლებელ ადამიანთან მიმართებაშიც ხმარობენ.
სურვილი არ მქონდა, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ რადგან „ექსპერტის“ ამბიცია არ ასვენებს, მინდა, „თანამედროვე ქართული პუბლიცისტიკის“ სწორედ ასეთ საცობსა და „საზოგადო მოღვაწეზე“ გესაუბროთ. მით უფრო, ძალიან ბევრის „მადლსაც მოვისხამ და გულსაც მოვფხან“. ეს ჩემი ყოფილი სკოლელი, ახლა უკვე „სახელოვანი პუბლიცისტი და კულტურის საკითხებში მრჩეველი“, ქეთუსიად წოდებული, ქეთინო იგნატოვა გახლავთ.დიდი ნიჭიერებითა და განათლებით არც სკოლის პერიოდში „ბრწყინავდა“. მაშინაც ყიამყრალობა და „შმოტკების“ სიყვარული გამოსდიოდა კარგად. ზურაბ წერეთელთან მამის ახლობლობით სკოლის შემდეგ სამხატვრო აკადემიაშიც „შეარჭეს საცობივით“, მაგრამ მხატვრადაც ვერ ივარგა. „სახელოვნობის“ ამბიცია არ ასვენებდა და ხან აქეთ მოედო, ხან – იქით. ტელევიზიაშიც სცადა ბედი და პუბლიცისტიკაშიც. ახალი ხელისუფლების მაამებლობის პირობებში თვალი მუდმივად კულტურის სამინისტროზე ეჭირა. მართალია, მინისტრობას ჯერ ვერ შესწვდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მინისტრის მრჩეველი გახდა; თან, არც მეტი, არც ნაკლები, კულტურის საკითხებში. ამჟამინდელ კულტურის მინისტრზე ამბობენ, სხვებთან შედარებით, განათლებულიაო, მაგრამ, ეტყობა, ესეც ტყუილია. განათლებული ადამიანი ქეთინო იგნატოვას კულტურას, თანაც, მრჩევლად, „სათოფეზე არ გააკარებდა“. თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც შაშკინი განათლების მინისტრია და თუთბერიძე „პროფესორი“, ქეთინო მრჩეველი კი არა, სულ ცოტა, „კულტურის მინისტრი“ მაინც უნდა იყოს. ქეთინომ თავისი „პუბლიცისტური კარიერაც“ სულ სახელოვანი ადამიანების ლანძღვით დაიწყო. ქეთუსია წერდა ყველაფერზე _ მოდაზე, არქიტექტურაზე, ნაგვის ცელოფნის პარკებზე, უპატრონო ძაღლებზე, განსაკუთრებით, თავისი ოჯახის საახლობლოზე, პოლიტიკოსებზე და, რაც მთავარია, ღირსეულ საზოგადო მოღვაწეებზე. მგონი, კინოს თემას არ შეხებია მხოლოდ. თუმცა იქ ისეთი „კიტები“ არიან გვახარიასა და ნინიას სახით, ვინ მიაკარებს ახლოს.
რა ვუყოთ, არქიტექტურაზე რომ წერდი, ქეთინო, და მასში ვერ ერკვევი? არც ფილოლოგი და ჟურნალისტი ხარ, მაგრამ ხომ ცოდვილობდი და დღესაც ცოდვილობ რაღაცას? რა ვუყოთ, რომ მოდების ჟურნალის გარდა, წიგნი არ გადაგიშლია? შენგან შორს რომაა მორალიც, ზნეობაც, უფროსის პატივისცემაც, მაგრამ ახლოსაა „შმოტკა“ და ფული?
ქეთინო, ღირსეული ადამიანების „ლაფში დასვრა“ რომ დაიწყე, პასუხი, ალბათ, მეც და სხვებსაც მაშინვე უნდა გაგვეცა, თუმცა, მგონი, გაგცეს კიდეც. მეგონა, იმდენი ტვინი მაინც გქონდა ან ვინმე გეტყოდა და გაჩერდებოდი. შენივე ყოფილმა ახლობლებმაც ინტრიგანობის, „ჭორების დიდოსტატობისა“ და სკანდალებისადმი შენს „უნარზეც“ გამაფრთხილეს, მაგრამ ეს ქვეყანა მხოლოდ შენისთანებით არაა სავსე! ჯერ იყო და, მამაჩემისა და ირაკლი აბაშიძის ურთიერთობას გადასწვდი. ირაკლი რეზოს ასე ეუბნებოდა თურმეო... მამაჩემისგნ ვიცი, დღევანდელი სახელმწიფო ჰიმნის ავტორს მოუწოდებია ეგ იდეა შენთვის. ბატონი ირაკლი ცოცხალი რომ ყოფილიყო, პასუხს თავად გაგცემდა. ან რომელ მოსახვევში ჩაგჩურჩულა ირაკლი აბაშიძემ, რეზოს რას ეუბნებოდა? მე ქეთუსია არა ვარ, მაგრამ თუ დაინტერესდები, მამაჩემის თაობის ადამიანები გეტყვიან, ვინ რას ჩურჩულებს შენს ოჯახზე! არა მგონია, გესიამოვნოს ამის გახსენება, ქეთინო... მარტო ლიანა ისაკაძეზე დაწერილი სტატიაც გეყოფა თავის მოსაჭრელად სიცოცხლის ბოლომდე.
რობიკო სტურუასა და ბაია ამაშუკელზე რაიმეს დაწერა და „პირადი აზრის დაწვრილებით გაზიარება“ რომ ძალიან გენდომებოდა, ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. თანაც, „შენს ბრწყინვალე პირად აზრებსაც“ ხომ მთელი თბილისი „სულმოუთქმელად ელის ხოლმე“?! შენი სათაყვანებელი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ აქციასაც უნდა გამოხმაურებოდი როგორმე. ეს ორი თემაც ერთად გააერთიანე და მორიგი იდიოტობა გამოგივიდა. ისე, ქეთინო, შენ რომ „გვერდებს იშავებდი“ ბიჭვინთაში, ეს შენი „ხელწამოსაკრავი საზოგადოების წევრები“ შესანიშნავ ნაწარმოებებსა და ლექსებს ქმნიდნენ; პოეზიის საღამოებს, მუსიკალურ ფესტივალებს მართავდნენ, სპქტაკლებს დგამდნენ. რაღაც არავისგან მსმენია მომავალი „დიდი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის“ – ქეთინო იგნატოვას, „დიდი ინტელექტის“ შესახებ.
სკოლაში როგორც გიცნობდნენ, ამაზე საერთოდ საუბარიც არ ღირს. მახსოვს, ერთი პერიოდი პირველი არხის ტელევიზიასაც ერგებოდი, ჩემო ქეთინო, „პრობკასავით“, მაგრამ ვერ მოერგე. მერე აჭარის ტელევიზიაშიც სცადე ბედი. ასლან აბაშიძის ფულებითაც კარგად იხეირე. ქალიშვილის მოსკოვში სწავლის საფასურიც კარგად ახდევინე და, მამაშენთან მეგობრობის გამო, ყოვლად უნიჭო გადაცემა „რენომეში“ 7 000 დოლარსაც გიხდიდა ასლან აბაშიძე. გიორგი აბაშიძეც, დასასვენებლად გონიოში ჩასულ შენს ქალიშვილსა და მის მეგობრებთან სუპერმარკეტიდან დატვირთულიც ბევრს უნახავს. თუმცა იმ ძაღლისა არ იყოს, „პარტონს ხელს რომ აჭამს“, როგორც კი აბაშიძეს ფეხი მოუცდა, მოდექი და ლანძღე. რომ გითხრა, ეს უზნეობა-მეთქი, მაინც ვერ გაიგებ.
მახსოვს, რაღაც სტატია გქონდა მაისაშვილზე („რწყილი და ჭიანჭველა“). აქედან მივხვდი, ეს მაინც რომ წაგიკითხავს. რატომღაც, შემინახავს და გადავხედე. სტილი არ გეცვლება, ქეთინო. აგერ „რწყილი და ჭიანჭველადან“ შენი ფრაზა და აქვე – ბატონი რობიკოსა და ჩემი სალანძღავი სტატიიდან: „ვინ არის ეს მაისაშვილი, რას წარმოადგენს, რას მოღვაწეობს და რითი, ან რატომ უნდა იყოს ჩვენთვის ოდნავ მაინც საინტერესო?“ ახლა ბოლო სტატიიდან: „ისე, ეგება, ვინმემ იცის და ამიხსნას, მომიყვეს, ეს კოტე გოგელია ვინ არის? ვინმე იცნობთ?“..
ბრავო, ქეთინო! შენსავით რომელი პუბლიცისტი და მწერალი ან ჟურნალისტი მოახერხებდა, სხვაზე ნათქვამი ასეთი ალეგორიით საკუთარ თავზე საუბარს? „ვინ არის ეს ქეთუსია, რას წარმოადგენს, რას მოღვაწეობს და რითი, ან რატომ უნდა იყოს ჩვენთვის ოდნავ მაინც საინტერესო?“ შენ რომ არც „რწყილი ხარ და არც ჭიანჭველა“, ქეთინო? ამდენს რომ „ჯახირობ და წვალობ“, ქართველი საზოგადოებისთვის რამეს მაინც ხომ უნდა წარმოადგენდე? იმაზე მეტი წიგნი მაინც ხომ უნდა გქონდეს წაკითხული, ვისაც ლანძღავ ხოლმე? სმენა ან, თუნდაც, ხმა მაინც ხომ უნდა გქონდეს უკეთესი ნატო მეტონიძესა და ლიზა ბაგრატიონზე? ბოლოს და ბოლოს, წერა მაინც ხომ უნდა შეგეძლოს (ასოების ცოდნას არ ვგულისხმობს)?
მახსოვს, მაისაშვილს რაღაც პირობის ასრულებას სთხოვდი. იქნებ შენ მოგვცე პირობა, რომ წერას შეეშვები, „მკითხველისა და პუბლიცისტიკის წვალებას“ თავს დაანებებ იმიტომ, რომ შენი სტატიებიდან იმის გარდა, რომ, ძირითადად, შენი პერსონისა და გარემოცვის წარმოჩინებით ხარ დაკავებული – „რა კარგი გემოვნება გაქვს“... „რა კულტურული და ლამაზი ხარ“... „რა კარგ წრეში ტრალებ“, „რა უნდა ჩავიცვათ და დავიხუროთ“, შენს სნობურ გემოვნებას რომ შევესაბამოთ _ ჭკვიანური და აზრიანი მარტო მე კი არა, სხვასაც ვერაფერი გამოაქვს.
გრამატიკულ შეცდომებზე აღარ შევჩერდები, არ გისწავლია და საიდან უნდა იცოდე? აზრობრივადაც იმდენ სისულელეს წერ, ეგეც გეყოფა. ახლაც რაღაც რომ უნდა „გენთხია“, მიგიხვდი. კარგი არასდროს არავისზე დაგიწერია, მაგრამ, იქნებ, ამიხსნა, რის თქმა გსურდა, იმის გარდა, რომ ყველა გაგელანძღა? გულით გინდოდა, რაღაც მუსიკალური ცოდნა გამოგემჟღავნებინა და „my way“ და „it’s impossible“ გაგახსენდა. სხვა არ იცი და რა შენი ბრალია (რობიკო სტურუას ჯაზი უყვარს)? სენ ჟერმენზე კაფეც ახსენე ოქრუაშვილთან მიმართებაში. ვიცით, ქეთინო, ვიცით, პარიზში რომ ხარ ნამყოფი. ჩვენც ვყოფილვართ იქ, მაგრამ „ტვინი არავისთვის წაგვიჭამია“ ამით.
იყო დრო, სანამ თანამდებობაზე იყვნენ, ოქრუაშვილსაც აქებდი და ადიდებდი და სალომე ზურაბიშვილსაც. მერე მოდექი და ლანძღვა დაუწყე. რაღა დაგიმალო და, მეც სულმოუთქმელად ველოდი, ეს „უნიჭიერესი და უგანათლებულესი პუბლიცისტი და მოღვაწე“ როდის შეეხებოდი ჩემს ნაწერებს.
ერთი პერიოდი მეზობლისგან გაზეთიდან შენი „შედევრის ამონარიდებსაც“ კი ვინახავდი. გამომადგა კიდეც. არ გინდა, ქეთუსია, ამ ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით საუბარი _ სასაცილო ხარ! შენს უტვინობაში მაინც ვერავის გადაარწმუნებ ამით: „რა აუხსნელი სიჯიუტეა?! რეალობის აღქმის, დანახვის, შეფასების რა უუნარობაა?! ნუთუ ამბიცია მართლა ასე აბრმავებს?! ნუთუ პირადი ინტერესები ასე მომწამვლელია?!.“
ჰო, მართლა, ამდენი წვალებით წერა ცოტა გისწავლია, თუ სხვებს აწერინებ და დიდი ხელფასიდან უხდი?
მახსოვს, ქარისგან მოტანილ ნაგვის პარკებზეც წერდი რაღაცას და ქუჩის ძაღლებიც ისე შეგეცოდა, ცხოველთა დამცველი ბრიჯიტ ბარდოც გაიხსენე. ძაღლები კი არა, ადამიანები არ გეცოდება. „არც გამწარების უსუსურ, მდაბიო, სამარცხვინო, უპატიებელ სურვილზე გავზრდილვარო“, – წერ. სად ვინ გაგზარდა, ჩემი საქმე არ არის. სიხარბემ კი იქამდე მიგიყვანა და მამაშენიც, ალბათ, თავის დროზე მოგკითხავს იმას, რომ მომაკვდავი მამაშენის ბოლომდე ერთადერთ პატრონს _ მის ცოლს, ლამის ნახმარი თეფშიც არ შეარჩინე მამაშენის ქონებიდან და სასამართლო პროც ესები გაუმართე. ძალაუფლება და „კანონი“ შენს მხარესაა დღეს და აბა, როგორ?
„ახლა შენი დროა, დიდხანს ელოდი“! „სტურუა-ამაშუკელის დამაბნეველი დიალოგიც“, ჩემო ქეთინო, „მაესტროსა და დიასახლისს, ქართველ მამაკაცსა და ქართველ მანდილოსანს, ცინიკოსსა და ჭეშმარტის მართლმადიდებელს, მამასა და შვილს, პატრიოტებს, შოვინისტებს, ყოფილ ბოლშევიკ-კომკავშირელებს, თანამოაზრეებს, განაწყენებულებს, წარმატებულებსა და წარუმატებლებს... შორის?“ საუბარიც შენ ნამდვილად ვერ უნდა გაგეგო! შენი „მაღალი ინტელექტისთვის“ ეს ძალიან „დაბალი დონეა“!
„რატომ დაინტერესდნენ ერთმანეთით და ასე უმოწყალოდ როგორ დაემსგავსნენ ერთმანეთს?“ – კითხულობ. შენგან განსახვავებით, მსოფლიო დონის კიდევ ბევრ პიროვნებას ვიცნობ, ქეთინო, მაგრამ ყველას ამას „ცხვირში შენსავით არ ვატენი“. რობიკო სტურუასთან ურთიერთობაც და შენთვის „დამაბნეველი დიალოგიც“ ის დიდი პატივია, რომელსაც შენ, ქეთინო, ვერ მიხვდები... იმიტომ, რომ შენ შენი დონის ხალხთან ურთიერთობ. ჩემი ინტერვიუდან არასტურუასეული მუსიკალური გემოვნებით გამართულ აქციაზე გადასვლაც იმდენად „აზრიანი“ გამოგივიდა, რომ ვისაც ჯერ კიდევ შენს „გონებრივ შესაძლებლობებში“ ბოლომდე ეჭვი ეპარებოდა, სრული უვიცისა და „პრობკის“ ნაწერი აჩვენე ამით. თან ბაია ამაშუკელის ინტერვიუ ბურჯანაძის აქციას რომ მიაბა, ქეთინო იგნატოვა უნდა იყო _ სხვა ამას ნამდვილად ვერ მოახერხერებდა!
„დები ღლონტების“ ქეთინოსაც „შენს პატივსაცემად“ რომ დაარქვეს ქეთუსია _ თუ იცი?
ერთი კია, რისთვისაც მადლობა უნდა მოგახსენო, ჩემი და რობიკო სტურუას ერთად მოხსენიების პატივია. ამ „წარუმატებელ მანდილოსანს და ჭეშმარიტ მართლმადიდებელსაც“ სხვისი ოჯახები არ დაუნგრევია და ორი შვილი უმამოდ არ დაუტოვებია; არც ქმრები უცვლია შენსავით ხელთათმანივით, მხოლოდ იმის გამო, რომ უფრო ფულიანი ეშოვნა და არც ქმედითი ქმრის ხელში გაქცევია თანამდებობაზე მყოფი მდიდარი მინისტრებისკენ თვალი...
„ყოფილ ბოლშევიკ-კომკავშირელებზეც“ რაღაც მთლად ვერ გამოგივიდა, მგონი...
ისე, რუსულზე შემომწყრალმა შენმა პრეზიდენტმა თუ იცის, სულ „ჰიენა, ჰიენას“ რომ გაიძახოდი (რუს. гиена), ქართულად მისი მნიშვნელობა – „აფთარი“ – არ იცოდი და იმიტომ?
ჰო, მართლა, ქეთინო, დათო ევგენიძე ახლა საქართველოშია და თუ დაგავიწყდა, სთხოვე და გაგახსენებს, „სამხატვრო აკადემიადამთავრებული“ ქალი, კულტურის სამინისტროს „დიდი ექსპერტი“, მატისის ამოყირავებულ სურათს წაღმას უკუღმისგან როგორ ვერ არჩევდი? მთელი შენი საახლობლო იმაზე როგორ ქირქილებდა: „ქეთუსია, მოდის, ქეთინო მოდის და მატისი ამოაყირავეთ, მაინ ვერ მიხვდება“(ისეთი დებილიაო).
საერთოდ, იმდენად გინდოდა, ამ „ბელა ჩაოს“ თემას შეხებოდი, რამე „ენამოსწრებული გამოგექვეყნებინა“, რომ რას მიედ-მოედე, ეშმაკმა იცის... რა შუაში იყო ჩემი და რობიკო სტურუას ინტერვიუ ამ აქციასთან, ბევრმა ვერ გაიგო. შენ თვითონ თუ იცი, რის დაწერა გინდოდა, ქეთინო?
გიგა ბოკერიას ცოლს ხომ არ ჩამორჩებოდი სტურუას ლანძღვაში? მაგრამ ბოკერიას გაუნათლებლობას მაინც ვერ დასწამებ და, ალბათ, რაღაცას მაინც უსწორებს ხოლმე ცოლს. ამ შენს „ძველ ბიჭ ქმარს“ კი ის ვერ გაუგია, მთელ თბილისში თავს რომ სჭრის „პუბლიცისტიკის ასეთი მბრწყინავი ვარსკვლავი“... შენს საახლობლოდანაც შენ გვერდით გამოჩენა უკვე ყველას რცხვენია, ქეთინო, და ახლა, ალბათ, ჩორგოლეიშვილთან, წკრიალაშვილთან, დუტასთან, დათო საყვარელიძესთან ერთად მოგიწევს დისკოტეკებსა და „ჩოხა ფართიზე“ სიარული.
ისე, მიკვირს, ასეთ „დიდ პუბლიცისტსა“ და „უბადლო საცობს“ შენმა პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენი ამდენხანს როგორ არ მოგცა?
მამაჩემსა და ჩემზე „კურდღელივით შემოხტომას“ კიდევ თუ არ მოიშლი, მაგ არაერთხელ საქვეყნოდ „მოჭრილ თავსაც“ კიდევ ერთხელ მოიჭრი, „ენითაღუწერელ და უსაფუძვლო, ახლა უკვე შემოქმედებით ამბიციასაც“ კიდევ შეილახავ და შეიძლება ბევრი სხვა დეტალებიც გაიხსენოს კაცმა შენი პირადი ბიოგრაფიიდანაც. ამ შენი პრეზიდენტის „რეალობის აღქმის, დანახვის, შეფასების უუნარობასაც“ კიდევ ერთხელ დაანახვებ ყველას.
P.S. ეს ნაციონალები რომ გადაშენდებიან, „ახალი საცობივით“ მერე ვის „დაეცობი“, ქეთინო? თუმცა შენისთანა საცობები ბევრი ჰყავს ამ საცოდავ საქართველოს და შენისთანები ადგილსაც ყოველთვის მოძებნიან. მთავარია, „დასაცობი“ იყოს და ქეთინოც ყოველთვის იქ იქნები!
ბაია ამაშუკელი
„სახალხო გაზეთი“, 8 ივნისი, 2011 წელი