სამართალი
ნიკა მელია ენმ-ის სტრატეგიასა და წარსულ შეცდომებზე საუბრობს

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 26 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ „ავტოკრატიულ რეჟიმთან ბრძოლის“ პროცესში პარტიული სტრუქტურების გაძლიერების, ახალი მოკავშირეებისა და მხარდამჭერების, ასევე წარსული შეცდომის აღიარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ამ კონტექსტში ნიკა მელიამ, პროევროპული გზიდან გადახვევის გამო მმართველი გუნდის „გუშინდელი“ ამომრჩეველის ოპოზიციისთვის ხმის მიცემაში დარწმუნების პროცესში მათთან „გულწრფელი დამოკიდებულების“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ „მე თუ ქართული ოცნების გუშინდელ ამომრჩეველთან ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემა იყო დამოუკიდებელი, ამ ადამიანს ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიხდით მოკავშირედ“.

ჩვენ [მათ] უნდა ვუთხრათ, დიახაც, ნაციონალური მოძრაობა როდესაც იყო ხელისუფლებაში, გიჟდებოდა მონა მოსამართლეებზე, გიჟდებოდა, ჭკუა ეკეტებოდა. ეს იყო პრობლემა“, – თქვა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ დღეს, რომ ხელისუფლებაში ისევ ქართული ოცნებაა და პროპორციულ სისტემას „ვერა და ვერ ვეღირსეთ“, იმის დამსახურებაცაა, რომ ოპოზიციასთან დამარცხების შიშით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო.

შესაბამისად, დღეს ეს მორჩილი მოსამართლეები ყველას დაგვერია და ამ უკუღმართმა საარჩევნო სისტემამ ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა მთელი ქვეყანა, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის ზღვარზე ვართ“, – ხაზი გაუსვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ.

მინდა გაიგოს ჩვენმა ყველა პოტენციურმა მოკავშირემ, რომ დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა არის განსხვავებული ნაციონალური მოძრაობა და საკუთარ შეცდომებზე ნასწავლი აქვს“, – ხაზი გაუსვა ნიკა მელიამ.

მანვე სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ საკუთარი ელექტორატის გაზრდაზე მუშაობის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ სხვა პარტიებმაც უნდა გაზარდონ შესაკრები, რათა ერთ დღესაც როდესაც შევიკრიბებით, ჯამი მივიღოთ უკვე დიდი… [უნდა ვეცადოთ, რომ] პასიური ამომრჩეველი გავხადოთ აქტიური საქართველოს მოქალაქე“.

ნიკა მელიამ დეპოლარიზების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არსებული ხელისუფლების პირობებში „შეუძლებელია“ და ამაზე დასავლელ პარტნიორებსაც ესაუბრებიან.

მისივე განმარტებით, როდესაც ერთ მხარეს დგანან ადამიანები, რომელთაც „მიიტაცეს ხელისუფლება“ და ქვეყანას „იმპერიულ წიაღში“ მიათრევენ, მეორე მხარეს კი – არის ხალხი, რომელსაც სურს, რომ სახელმწიფო ევროპულ წიაღში დააბრუნოს, „რა თქმა უნდა, პოლარიზაცია იქნება“.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ, თეორიულად, პოლარიზაციის დასრულება, ამ მოცემულობაშიც შესაძლებელია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ან ქართულმა ოცნებამ უნდა თქვას უარი „რუსეთთან ინტეგრაციაზე“ ან ქართველმა ხალხმა ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

„[სხვა შემთხვევაში] იმხელა სხვაობაა იდეოლოგიური და ღირებულებითი, ჩვენ ორ სუბიექტს შორის, რომ [დეპოლარიზებაზე საუბარი] შეუძლებელია“, – გაიმეორა მან.