საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იოსებ (სოსო) გოგაშვილმა, რომელიც 16 ივლისს დააკავეს, 26 ივლისს, საპატიმროდან გავრცელებულ წერილში 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლის გატაცება და შს ყოფილი მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის ცემა ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აფგან მუხთარლი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty Inrernational-მა მაშინ თქვა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. მუხთარლის 2018 წლის იანვარში საზღვრის უკანონო კვეთისა და დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის გადატანასთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი აზერბაიჯანის ციხიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. 2021 წელს მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი „გატაცების“ შესახებ ივანიშვილმა და მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა იცოდნენ.
სოსო გოგაშვილის მტკიცებით, აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, „სუსის ზონდერებმა“ გაიტაცეს, გელა ხვედელიძეს „ტელეფონზე ივანიშვილის გინების გამო“ სცემეს, დანაშაულების დამადასტურებელი ფაქტები კი – „წაშალეს“ და „გააქრეს“.
გოგაშვილის თქმით, მისი დაკავება შს მოქმედი მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და სუს-ის ასევე მოქმედი ხელმძვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის „უკანონო დავალების ბრმად შესრულების“ მორიგი მაგალითია. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ „უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების“ შეტანა გარე და შიდა სათვალთავალო კამერებმა და ოჯახის წევრებმა დაფიქსირეს, თუმცა აღმოჩნდა, ხსენებული შემთხვევების მსგავსად, ჩანაწერებიც ახლაც წაშლილია.
გოგაშვილის წერილს Facebook-ზე იმავე დღეს გამოეხმაურა აფგან მუხთარლი და პროკურატურას მისი დაკითხვისკენ მოუწოდა.