საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ შედგა როგორც პიროვნება, არ აქვს ღირსება და ის არის „უფარჩაკესი" ადამიანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ისინი, ვინც რევოლუციაზე საუბრობენ, ცეცხლს ეთამაშებიან.
„რისი სადმე ჩამომსვლელია?! როცა შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს, ვინც ამას ტაშს უკრავს და აჟიტირებულები რომ დარბიან, რაღაც რევოლუციებზე რომ ლაპარაკობს, მანამ არ აუდგა გვერდები მაგათ, სანამ აქ რევოლუცია მაგათი მოსაწყობი არ გახდა. ადამიანმა ორი სიტყვა ქართული არ იცის, გამარჯობა და დამშვიდობების გარდა, ეს ადამიანი ლაპარაკობს საქართველოზე და ქართველ ხალხს ეუბნება, რომ თურმე აქ რევოლუცია უნდა იყოს. ამის შემდეგ ხატია დეკანოიძე გამოვიდა და თქვა, რომ თურმე აქ რევოლუციის სუნი ტრიალებს, ცეცხლს ეთამაშებიან - არც საქართველო და არც ქართველი ხალხი არ არის იმ რეჟიმში, რომ ამ ადამიანებს რევოლუცია ან რაიმე მსგავსი მოაწყობინონ", - განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისათვის, უკრაინაში ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი "კეთილად არ წავა", ხალხი მას მაინც გადააგდებს და ეს შეიძლება მოხდეს რევოლუციის გზით. მისივე თქმით, საქართველოში სანქციების სამიზნე მხოლოდ ივანიშვილი არ იქნება და ეს მის გარემოცვასაც შეეხება.
"ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მხოლოდ ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც",- განაცხადა არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში არახამიამ აღნიშნა, რომ ის მზად არის, ჩამოვიდეს საქართველოში, ქართველი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დააკავშიროს და ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს.