საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ერთადერთი, ვის მიმართაც მემგონი ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, არახამია ბევრ რამეზე არის პასუხისმგებელი.
„ყველამ კარგად იცის, ეს კაცი ვინ არის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი, ვის მიმართაც მემგონი ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი. არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, უბრალოდ კაცი არ არის, არახამია არის არაკაცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ წინა დღეს ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც“.
მან ასევე აღნიშნა: „მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით, ჩემთვის სულერთია, რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია, პრორუსი არ იყოს“.
ამავდროულად, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა, ხალხი მას მაინც გააგდებს, ეს უკვე შეიძლება, მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით“.