საზოგადოება
თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,
თბილისის მერიისა და სოციალური დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს სამარიტელთა კავშირი პროექტი „მობილური ზრუნვის“ განხორციელებას იწყებს. პროექტი მარტოხელა მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლში მოვლას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში სპეციალური ჯგუფები, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთაგან არის დაკომპლექტებული, 35 მოხუცსა და ინვალიდს მოემსახურება. დღეს, 8 ივნისს, თბილისის მერიის, სოციალური დაცვის სააგენტოსა და საქართველოს სამარიტელთა კავშირის წარმომადგენლებმა სამმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით მხარეები სოციალურ სფეროში ითანამშრომლებენ. პროექტი „მობილური ზრუნვა“ სტარტს მემორანდუმზე ხელისმოწერის შემდეგ აიღებს. „პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველ, მარტოხელა, უნარშეზღუდულ მოხუცებზე ზრუნვა. პროექტი აპრობირებულია გერმანიაში და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი სოციალური დახმარების სისტემა იყოს მაქსიმალურად მოქნილი და გაჭირვებულ ადამიანზე ორიენტირებული. ეს პროგრამა გათვლილია ყველაზე მძიმე კატეგორიაზე, რომელსაც არ აქვს გადაადგილების საშუალება, არის მოხუცი, მარტოხელა და არ ჰყავს ნათესავი, რომელმაც შეიძლება მასზე შესაბამისი ზრუნვა განახორციელოს. სწორედ ასეთი მოქალაქეებისთვის იქმნება მობილური ზრუნვის ეს პროექტი, რომელიც სახლში, ადგილზევე გაუწევს მათ მეურვეობას. პროექტი საპილოტო ხასიათის არის და მისი წარმატების შემთხვევაში ჩვენ ზრუნვის ამ მოდელის დამკვიდრებას შევეცდებით“, – განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.