საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ხელისუფლება, რომელიც ძალის გამოყენებით ცდილობს, ქვეყნის კალაპოტიდან ამოგდებას და ბუნებრივი, ისტორიული დინების - ევროპისკენ სვლის შეცვლას, თავად შეიცვლება ძალის გამოყენების გარეშე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნიკა მელია აცხადებს, წინ არის ბრძოლა, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომდევნო ათწლეულების ბედი.
„ამ ისტორიული ბრძოლისთვის მზადაა ქართული საზოგადოება, განვლილ თვეებში გაცხადდა ეს მზადყოფნაც და ნებაც - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
სწორედ იმისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გარდაუვალი ცვლილებებისთვის ისევე მზად იყოს, როგორც არის მზად ქართული საზოგადოება, იმისთვის, რომ ღირსეულად ვიდგეთ ამ ბრძოლის ავანგარდში, იმისთვის, რომ ვიყოთ მობილიზებული, მოტივირებული და გამარჯვების რწმენით აღსავსე, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად ვხვდებით ჩვენს თანამებრძოლებს, ჩვენს აქტიურ მხარდამჭერებს, ძალიან მალე (აგვისტო) კი უკვე ფართო საზოგადოებასთან დავიწყებთ ინტენსიურ შეხვედრებს.
ჩვენ ერთმანეთს უნდა გადავდოთ გამარჯვების რწმენა!
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის, ნებისმიერი გამოწვევისთვის და ყველაფერს ვაკეთებთ საამისოდ.
ხელისუფლება, რომელიც ძალის გამოყენებით ცდილობს, ქვეყნის კალაპოტიდან ამოგდებას და ბუნებრივი, ისტორიული დინების - ევროპისკენ სვლის შეცვლას, თავად შეიცვლება ძალის გამოყენების გარეშე!“- წერს მელია.