"დასავლეთში მზე ჩადის და ამოდის აღმოსავლეთში, როგორც ეს საგანთა ბუნებაშია"
ემანუელ მაკრონმა და ტონი ბლერმა, რომლებსაც ბრალს ვერ დასდებ პოლიტიკურ არაკომპეტენტურობასა და რუსეთის მიმართ სიმპათიაში, უნისონში განაცხადეს, რომ გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად, მსოფლიო გახდება მრავალპოლარული, დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური დომინირების ეპოქა დასრულდება და მის ადგილს რუსეთი და ჩინეთი დაიკავებენ. კიდევ ერთი არაახალბედა პოლიტიკაში – ჯორჯ სოროსი – თვლის, რომ ამერიკისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არა ჩინეთი და რუსეთია, არამედ შიდა მტრები – მემარჯვენე ექსტრემისტები, რომლებსაც შეუძლიათ აშშ რეპრესიულ სახელმწიფოდ გადააქციონ. ასეა თუ ისე, დასავლური სამყაროს კრიზისი დღეს აშკარა და გარდაუვალია, დასავლეთში მზე ჩადის და ამოდის აღმოსავლეთში, როგორც ეს საგანთა ბუნებაშია.
ხაზს ვუსვამ, რომ დასავლეთის დეგრადაციის პროცესები განპირობებული იყო არა რუსული „რბილი ძალის“ წარმატებებით, არამედ თავად დასავლური პოლიტიკური ელიტების ექსპანსიით - პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გაფართოების პოლიტიკით ახალი ტერიტორიებისა და ბაზრების ხელში ჩაგდების მიზნით, რაც „დემოკრატიული ფასეულობების“ იძულებით ექსპორტსაც გულისხმობს. თუმცა დასავლეთისთვის ტრადიციული კოლონიური პოლიტიკა, რომელმაც მას უზარმაზარი ძლიერება მოუტანა გასულ საუკუნეში, დღეს კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა: აგდებულად უგულებელყო რა უდავო ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრები არ ემთხვევა მის ეროვნულ საზღვრებს, რომელთა ფარგლებშიც მდებარეობს ბელარუსი და კვაზი-სახელმწიფო უკრაინა (კიევის რუსეთი); მიიჩნია რა, რომ უკრაინული ნეონაციზმის 8-წლიანი წახალისებისა და დონბასში საომარი მოქმედებების შემდეგ, დადგა ახალი კოლონიის გაფორმების დრო, დასავლეთი მოულოდნელად რუსეთის წინააღმდეგობას წააწყდა. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან ომს დაიწყებდა ყირიმის საბაბით, თქვენ რომ არ შეგეჩერებინათ ის უკრაინაში“, - უზიარებს ინფორმაციას ირანის სულიერი ლიდერი და პრეზიდენტი ალი ხამენეი ვლადიმერ პუტინს სამშაბათს, 19 ივლისს, თეირანში რუსეთის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის დროს.
შედეგად, ევროპული ქვეყნები, „რაკიღა ივიწყებენ ან უგულებელყოფენ ელემენტარული ეკონომიკური კანონების საფუძვლებს საკუთარი თავის საზიანოდ... სულ ახალ და ახალ სანქციებს აწესებენ ნავთობ-გაზის ბაზრებზე“, რითაც პროვოცირებენ „ეკონომიკურ აუტოდაფეს, თვითმკვლელობას", - განაცხადა პუტინმა 17 მაისს, ნავთობმრეწველობის დარგის განვითარების საკითხებზე გამართულ თათბირზე. რუსეთის პრეზიდენტის აზრის განგრძობით, მეორე დღეს გავაკეთე პროგნოზი, რომ ”რუსეთთან ეკონომიკური ხიდების დაწვამ შესაძლოა გამოიწვიოს ევროპელი ლიდერების პოლიტიკური სუიციდი”, და მართალიც აღმოვჩნდი - ერთიმეორის მიყოლებით ისინი იძულებით ტოვებენ თავიანთ პოსტებს და ბორის ჯონსონისა და მარიო დრაგის ბოლოდროინდელი გადადგომებით საქმე როდი შემოიფარგლება.
კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი ელოდა დასავლეთს პატარა საქართველოში, რომელსაც "უცებ გაახსენდა" თავისი სუვერენიტეტი. "ეს როგორ?! - აღშფოთებით წამოცდა 20 ივლისს, ევროპარლამენტარების დელეგაციის შემადგენლობაში რევიზიით ჩამოსულმა ვიოლა ფონ კრამონმა, - ევროკავშირმა იმდენი ფინანსური და პოლიტიკური ინვესტიცია ჩადო საქართველოში და ახლა ჩვენ შედეგის ხილვა გვინდა!“. გასაოცარი დამთხვევაა - იმავე დღეს, 20 ივლისს, პუტინმა მესამედ გაიმეორა თავისი თეზისი სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ.
2021 წლის 21 ოქტომბერი, ვალდაის კლუბის სხდომა: „მხოლოდ სუვერენულ სახელმწიფოებს შეუძლიათ ეფექტიანად უპასუხონ დროის გამოწვევებსა და მოქალაქეთა მოთხოვნებს... არ შეიძლება ვინმესთვის რაღაცის თავს მოხვევა, იქნება ეს სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის პრინციპები თუ ღირებულებები, რომლებსაც ვიღაცამ საკუთარი შეხედულებებით უნივერსალური უწოდა“;
2022 წლის 9 ივნისი, შეხვედრა ახალგაზრდა მეწარმეებთან „რუსეთის მომავალი - ახალგაზრდობის ხედვაა“: „მსოფლიო იცვლება და თანაც, სწრაფად. და იმისთვის, რომ პრეტენზია არსებობდეს რაიმე სახის ლიდერობაზე, ნებისმიერმა ხალხმა, ნებისმიერმა ეთნოსმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტი... რადგან არ არსებობს რაიმე შუალედური მდგომარეობა - ქვეყანა ან სუვერენულია, ან კოლონიაა“;
2022 წლის 20 ივლისი, ფორუმი "ძლიერი იდეები ახალი დროისთვის": "როგორც არ უნდა მიისწრაფვოდნენ დასავლელი და ეგრეთ წოდებული ზეეროვნული ელიტები არსებული წესრიგის შენარჩუნებას, მოდის ახალი ეპოქა, ახალი ეტაპი მსოფლიო ისტორიაში. და მხოლოდ ჭეშმარიტად სუვერენულ სახელმწიფოებს შეუძლიათ უზრუნველყონ ზრდის მაღალი დინამიკა და გახდნენ სამაგალითოდ სხვებისთვის“.
დავუბრუნდეთ საქართველოს. სახელმწიფო სუვერენიტეტი, მოგეხსენებათ, არის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა საგარეო საქმეებში და სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობა შიდა საქმეებში ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მსოფლიოს ყველა ქვეყანა (გარდა ტერორისტულისა), მით უმეტეს - მეგობრები და პარტნიორები, ვალდებული არიან პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს. მაგრამ არიან კი ევროკავშირი და აშშ საქართველოს მეგობარ-პარტნიორები, თუკი ისინი, მაგალითად, მოითხოვენ ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილის „დეოლიგარქიზაციას“, რომელმაც საქართველოში ქველმოქმედებაში სამი მილიარდი დოლარი დახარჯა? პრაქტიკულად დაიწყო ივანიშვილის აქტივების ექსპროპრიაცია შვეიცარიული ბანკი „Credit Suisse“-ის მეშვეობით. უცნაურია ბოლშევიკური ბრალდებების მოსმენა და მოქმედების ხილვა დასავლეთისგან, რომელსაც ტრადიციულად მართავდნენ ოლიგარქები - როკფელერები, როტშილდები, მორგანები, ოპენჰაიმერები და მრავალი სხვანი!
შემდეგ. პატივს სცემს კი დასავლეთი საქართველოს სუვერენიტეტს, როცა ბრძანებს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „მეორე ფრონტის“ გახსნას, ხოლო როცა საქართველო უარს ამბობს, არ ანიჭებს მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს? როცა დასავლეთი მოითხოვს საქართველოსგან შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს და როცა საქართველო უარს ამბობს, მოითხოვს მოქმედი ხელისუფლების გადადგომას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას, ამ უკანასკნელის ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით? უკრაინის მოქალაქისა და დამნაშავის, რომელმაც დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში, რაც 5 დღეში დასრულდა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვით?!
დასავლეთმა დაბლოკა თბილისსა და მოსკოვს, თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკების პროცესი, რათა საქართველომ, „ღმერთმა ნუ ქნას“, არ აღიდგინოს სუვერენიტეტი, რადგან დასავლეთს ძალიან აწყობს არსებული სტატუს-კვო, ვაშინგტონსა და ბრიუსელში გადაწყვიტეს საქართველოს დარჩენილი 80 პროცენტის გადაქცევა დასავლეთის კოლონიად! ამიტომაც იყო ყარაბაღსა და უკრაინასთან დაკავშირებით მინსკის ფორმატი დასავლეთის მონაწილეობით ფიქტიური, ისევე როგორც ჟენევის ფორმატი, ამიტომაც დასავლეთმა დღეს დაბლოკა მოლაპარაკებები კიევსა და მოსკოვს შორის! არის კი დასავლეთი საქართველოს მეგობარი, თუკი სურს ქართველი ხალხის სიცივესა და შიმშილში დატოვება რუსეთის გარეშე - რუსული ბაზრის, რუსული პურის, რუსი ტურისტების, ფულადი გზავნილების და რუსეთიდან იაფი ენერგომატარებლების გარეშე? რუსული გაზისა და პროდუქტების გარეშე მდიდარმა ევროპელებმაც კი ვერ გაძლეს და ახლა სათითაოდ „სამარცხვინოდ“ გამოდიან სანქციების რეჟიმიდან, საქართველო კი ნამდვილად განწირული იყო! და რა ელოდა რუსეთში მილიონიან ქართულ დიასპორას თუკი საქართველო სანქციებს შეუერთდებოდა, ძნელი წარმოსადგენი როდია...
შეიძლება თუ არა საქართველო სუვერენულ სახელმწიფოდ ჩაითვალოს, როცა აშშ-ის ელჩი საქართველოში ყოველდღიურად მითითებებს აძლევს ყველას, ხელისუფლების ყველა შტოს?! რა უფლებით ერევა კელი დეგნანი, რომელსაც ქართველებმა მეტსახელად „გველი“ შეარქვეს, მართლმსაჯულების საქმეებში - სტუმრობს სასამართლოებს, ჭკუას არიგებს და სჯის მოსამართლეებს? სტუმრობს ეროვნულ ბანკს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამთავრობო დაწესებულებებს, იგნორირებას უკეთებს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს? რა დაჰკარგვია ქალბატონ ელჩს სკოლებში და საბავშვო ბაღებშიც კი, რას ასწავლის ჩვენს შვილებს მშობლების თანხმობის გარეშე?! პატივს სცემს კი დასავლეთი საქართველოს სუვერენიტეტს, როდესაც გეი-აქტივისტი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად, ხსნის ლგბტ-ს “ღირსების კვირეულს“ თბილისში, როცა აშშ-ის საელჩო ასპონსორებს ლგბტ-პროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტელეკომპანიებს? პარასკევს დილის გადაცემაში ერთ-ერთ ასეთ ტელეარხზე („მთავარი არხი“) მთელ საქართველოს აჩვენეს ბრედ პიტი მინი ქვედაკაბით და ლეონარდო დი კაპრიო მოშიშვლებული მუცლით, ხოლო გეი-წამყვანები ნერწყვის ყლაპვით განიხილავდნენ მათი შიშველი სხეულის სილამაზეს და ოცნებობდნენ, - აქაოდა, როდის ივლიან თბილისშიც კაცები მინი ქვედაკაბით, შიშველი ფეხებითა და მუცლით! ხოლო როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უთითებენ აშშ-ის ელჩს, რომ მისი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას, ტრადიციებს, მენტალიტეტს და საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს იწვევს, ის მათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უჩივის.
საპასუხოდ, 20 ივლისს (ისევ - 20 ივლისი!) ნედ პრაისი ტრადიციულ ბრიფინგს იწყებს საქართველოსთვის საგანგებო დამოძღვრით - აქაოდა, „ელჩ დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა“, ანუ ვაშინგტონს მიუფურთხებია თქვენი პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის, პარლამენტარებისა და მთელი ქართველი ხალხისთვისო! აქაოდა, ისინი პრორუსი მატყუარები არიან და „დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას“. როგორ შეიძლება აშშ და საქართველო იყვნენ პარტნიორები ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ?! „ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრებას... თუმცა, ზოგიერთი ქართველი ჩინოვნიკის ამასწინანდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნისგან განრიდებას“, - იტყუება თავად ნედ პრაისი, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის აღორძინებაზე ოცნებობს. ესაა ნამდვილი ქართული ოცნება და ამაში დასარწმუნებლად, უბრალოდ, ქუჩაში უნდა გახვიდე და გამვლელები გამოჰკითხო!
მაგრამ ამერიკელი დიპლომატები ამრეზით უყურებენ უბრალო ხალხს, აშშ-ის საელჩო თბილისში აუღებელი ციტადელია, მათ ინტერესებში არ შედის სიმართლის ცოდნა, ისინი მოითხოვენ ზემოხსენებული ტელეკომპანიის გეი-დირექტორის ციხიდან გათავისუფლებას, რომელმაც მილიონები მოიპარა და რუსოფობიური პროპაგანდის ფეიქებს ავრცელებს! თუმცა, სახდეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი კვლავ იტყუება - თითქოს, "ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და აშშ-ის საელჩო საქართველოში მზად არიან იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს". თურმე ამიტომ წავიდა კელი დეგნანი სააგიტაციო- პროპაგანდისტულ ტურნეში საქართველოში, თანაც - რაიონებში, სადაც სააკაშვილის ბევრი მხარდამჭერია - წალენჯიხაში, ზუგდიდში, ხობში, ფოთში, რომლებსაც პროდასავლური პოლიტ-მიტროპოლიტები -ასევე წინა ხელისუფლების მხარდამჭერები მართავენ! ელჩი დეგნანი ღიად გადავიდა რადიკალური ოპოზიციის მხარეზე, თან გაიყოლა პრეზიდენტი ზურაბაშვილი, ამიტომ არ აქვს უფლება განაგრძოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება!
სვანეთში დეგნანი სვანური ცეკვის შესრულებას სწავლობდა, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გამომშვიდობებისას ქართულად შეასრულა ყანჩელის შედევრი, ხოლო ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა სამეგრელო მეგრული სიმღერით მოაჯადოვა. ნუთუ ამით გამოიხატება საქართველოსთან პარტნიორობა, მისი სუვერენიტეტის პატივისცემა?! ნუთუ დასავლეთი ემოციური აბორიგენების მოტყუებას ასეთი იაფფასიანი ხრიკებით იმედოვნებს?!
„სამწუხაროდ, როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ამოტივტივდება ერთი სიტყვა - პოლარიზაცია“, - განაცხადა 20 ივლისს თბილისში ევროპარლამენტარების დესანტის სათავეში ჩამოსულმა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. მაგრამ იცის კი მაკალისტერმა, რომ როდესაც საქართველოში ევროპასა და აშშ-ზე საუბრობენ, ყოველთვის ამოტივტივდება სიტყვები „ინკვიზიცია“, „ფაშიზმი“ და „რასიზმი“, ხოლო ვენეცია ჩვენთვის ასოცირდება „განდოლებთან“ ვენეციის კომისიიდან, რომლებმაც საქართველოს კონსტიტუცია დაამახინჯეს?!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2022 წლის 21 ივლისი
საქართველო, თბილისი