საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით.
მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.
ევროპარლამენტის დელეგაციის კითხვის პასუხად, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო რეკომენდაციების შესრულების პროცესი და რომ საქართველოს პარლამენტი შემდეგი ექვსი თვის მანძილზე მათ განხორციელებაზე აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.