სამართალი
კელი დეგნანი სასამართლო სისტემაში აშშ-ის ჩარევაზე მოსამართლის ბრალდებას კიდევ ერთხელ პასუხობს

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. 19 ივლისს, დასავლეთ საქართველოს ქალაქ ზუგდიდში ვიზიტისას, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სასამართლო სისტემაში ჩარევის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ყოფილი მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ბრალდებას კიდევ ერთხელ უპასუხა და თქვა – „ვფიქრობ, რომ ეს [ყველაფერი] გამწვავებულია და ბევრი [ისეთი] რამ კეთდება რაღაცისგან, რაც აბსოლუტურად არ არის სკანდალი“.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ყოფილმა მოსამართლემ, რომლმაც მას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, 15 ივლისს ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი და აშშ საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ჩხიკვაძემ ასევე თქვა, რომ გვარამიას განაჩენის შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი მისგან გადაწყვეტილების მოტივაციით დაინტერესდა, რის შემდეგაც იგი აშშ-ში გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა სიიდან ამოიღეს. ელჩმა დეგნანმა ჩხიკვაძის ბრალდება იმავე დღეს უარყო და თქვა, რომ ეს „უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“.

ხაზი გაუსვა რა აშშ-საქართველოს მრავალწლიან ურთიერთობას, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენს უთანხმოებაზე საუბარი, რასაც ჩვეულებრივ პირისპირ [კომუნიკაციისას] ვაკეთებთ ხოლმე, რაც ყველაზე ეფექტიანია. ზოგჯერ, ჩვენ საჯაროდაც ვსაუბრობთ, თუ ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გვაწუხებს და სწორედ ეს გავაკეთეთ ამ შემთხვევაში“.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ არ იყო მარტო თავის საჯარო განცხადებებში, როდესაც „[გვარამიას] განაჩენის დროულობისა და ბრალდების“ შესახებ შეშფოთება გამოხატა და რომ იგივე მოიმოქმედეს საქართველოს სახალხო დამცველმა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა. „ეს გაკეთდა სრულიად საჯაროდ და ეს ნორმალური მოვლენაა – ეს არის სტანდარტული პრაქტიკა“, – დასძინა ელჩმა დეგნანმა.

მოსამართლე ჩხიკვაძისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის შეხვედრაზე საუბრისას, კელი დეგნანმა გაიმეორა, რომ აშშ წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სასამართლო სისტემასთან, შესაბამისად „ეს არის რუტინული შეხვედრები, რომლებიც ყოველთვის ხდება და თუ ადამიანებს სურთ მათი [შეხვედრების] არასწორად დახასიათება ან იმაზე მეტად წარმოჩენა ვიდრე ისინი რეალურად არის, რაც მხოლოდ რუტინული შეხვედრებია, ეს აშკარად მათ მიზნებს ემსახურება“.

რაც შეეხება მოსამართლეთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ელჩმა დეგნანმა გაიმეორა, რომ „ისინი ღიაა ყველასთვის, ვინც არის კვალიფიციური, ხელმისაწვდომი და ღია ისარგებლოს ამ გაცვლის მიზნიდან, რაც არის ამერიკელ კოლეგებთან შესახვედრად წასვლა, მოსაზრებების გაცვლა, ერთმანეთისგან სწავლა და ცოდნის საქართველოში ჩამოტანა“.