სამართალი
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ „მედიაპალიტრას“ მხარდაჭერას უცხადებს

konst_42„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროტესტს გამოთქვამს შემოსავლების სამსახურის მიერ „მედიაპალიტრაში“ მიმდინარე არაგეგმური შემოწმების გამო. ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ აღნიშნული შემოწმება შესაძლოა, იყოს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და „მედიაპალიტრის“ მიერ 26 მაისის მოვლენების გაშუქებას უკავშირდებოდეს.

„მედიაპალიტრა“ წარმატებული, დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა და მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ქართულ მედიასივრცეში. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ საგადასახადო შემოწმება არ მიიღებს ისეთ ფორმებს, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის სრულყოფილ მუშაობას. ამასთან, ასეთი სახის ქმედებები დამოუკიდებელი მედიასაშუალების მიმართ, რომელიც ხელისუფლების პოზიციისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, იძლევა ეჭვის საფუძველს, რათა აღნიშნული გადაწყვეტილება შეფასდეს როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა.

მსგავსი ნაბიჯების განხორციელების მცდელობა ჩვენ გვახსენებს როგორც დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის მცდელობებს საქართველოს უახლესი ისტორიიდან, ისე იმ სახელმწიფოთა ქმედებებს, რომლებიც მედიაზე სრული კონტროლის დამყარებისკენ მიისწრაფიან. ასეთი პროცესები აფერხებს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და არ უწყობს ხელს საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის, იმიჯის გამყარებას საერთაშორისო ასპარეზზე.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლისთვის“ დაუშვებელია მედიაზე ზეწოლის ყოველგვარი ფორმის გამოვლენა. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ „მედიაპალიტრაში“ შემოსავლების სამსახურის შესვლა და მისი ქმედებები არ გასცდეს კანონის ფარგლებს და არ შეაფერხოს მედიასაშუალების გამართული საქმიანობა.