საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
სააპელაციო სასამართლო განიხილავდა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს. სააპელაციოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეებს.
როგორც ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის უკანონოდ არის დაკავებული.
„მივიჩნევ და სააპელაციო საჩივრითაც იკითხება, რომ ჩემი პატიმრობა უკანონოა. პოლიტიკური შინაარსის არის. მივიჩნევ, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირია შექმნილ მდგომარეობასა და ჩემს პატიმრობას შორის. მოვისმინე ჩხიკვაძის განცხადებები, არ ვიცი, რას ემსახურება მოსამართლის ეთერებში სიარული, ტარება, ზემდგომი სასამართლოს მიმართ მოწოდებები. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე ასეთი თავდასხმები ნამდვილად არ მომხდარა. მან განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ ბულინგი არ წყდება მისი მეუღლის და მისი შვილების. როგორი მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, დაუშვებელია მისი ოჯახის წევრების ბულინგი. გამოვრიცხავ ჩემი მეგობრების ოჯახის წევრების ჩართულობას, ან ჩემს დაორგანიზებას. ეს დაუშვებელია. მოვითხოვ შეწყვეტას. ჩხიკვაძეს შევახსენებ, კეთილსინდისიერი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღებისას თუ იფიქრებდა სხვის შვილებზე.
„მთავარი არხის“ წარმომადგენლები მინდა, გავამხნევო, ის რეკორდული საოცრება, ჩემი მონაწილეობით როცა 20 დღეში ახალი არხი გაიხსნა, ეს რეკორდი მოხსნილია. ორ თვეში რაც გააკეთეს – არხის შენარჩუნება, ეს გაცილებით დიდი მიღწევაა. ვამაყობ და მადლობელი ვარ მათი ბოლო ორი თვის მუშაობით. სამარცხვინო მედიასაშუალების წარმომადგენლისგან მოვისმინეთ ჩანაწერები სამარცხვინო ფიგურის მიერ უცნობი კი არა ნაცნობისგან ჩადენილ იქნა არა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა არამედ სისხლის სამართლის დანაშაული. უნდა ვეძებოთ ვინც ეს გაავრცელა. თუ იარსებებენ შემსრულებლები ყოველთვის უკანონო ჩანაწერების გამავრცელებლები იქნებიან. შემსრულებელმა რგოლმა უნდა იცოდეს, რომ მათთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ იქნება, ისინი საჩვენებლად უნდა დაისაჯონ. ყველა შემსრულებელია ის, ვისზეც რეჟიმი დგას. დეოლიგარქიზაცია ასე წარმომიდგენია. ღრმად მწამს ეს კასტა, რომელმაც გაანადგურა არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ ის ხელისუფლებები, რომელსაც ემსახურებოდნენ ისინი. შემსრულებლები წავლენ სისტემებიდან. მომხრე ვიქნები, დამკვეთები კი არა, შემსრულებლები დაისაჯონ. დავალების გამცემები დაღმავალი ცოდვაა. ყველაზე საუკეთესო პოლიტიკოსებსაც კი ღუპავენ შემსრულებლები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ჩეხეთის ელჩი, პოლონეთის საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის ოფისის წარმომადგენელები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 16 მაისს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი, გაამართლა. პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა. გამოძიება ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. „რუსთავი-2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას კი, ტელეკომპანიის ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედებოდა ბრალად. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავებოდნენ.