საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული - პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა.
სამივე ბრალდებას დაცვის მხარე აბსურდად თვლის.
"ბრალდების ფორმულირება, რომელიც შეეხება სოსო გოგაშვილის მიერ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას, შეეხება რუსეთის მოქალაქე 2 პიროვნებას, ეს არის რომანოვსკი და ადამია. ბრალდების ფორმულირება ასეთი, რომ სოსო გოგაშვილმა 2021 წლის 13 თებერვალს ინტერვიუს მიცემის დროს გაასაჯაროვა ამ ორი ადამიანის პერსონალური ინფორმაცია, კერძოდ, მისი პასპორტის მონაცემები.
ჩვენ აღკვეთის ღონისძიების სახით მოვითხოვთ გირაოს, დაახლოებით 50 ათასი ლარის ოდენობით, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ოდენობის გირაო სრულად აკმაყოფილებს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს", - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი ღონღაძემ.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ გოგაშვილს დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და მან ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, პროკურატურას განცხადებით მიმართა.
სოსო გოგაშვილი მისი დაკავების სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. თანამდებობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ნაწილში გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც:
"გამოძიება დაიწყო გუშინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით, მე-3 ნაწილის, ბე ქვეპუნქტით, ეს არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით. გამოძიებას საფუძვლად დაედო ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა რომ გოგაშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედება იქ ჩატარებული ღონისძიების დროს. ჩვენ დავიწყეთ გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ამ ეტაპზე", - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.