სამართალი
ტენდერებში ყველაფერი რიგზე არ არის

tendსახელმწიფო ტენდერების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას სპეციალისტები დადებითად შეხვდნენ. ახალი ინიციატივა ამ სფეროში კორუფციული გარიგებების გამორიცხვას ისახავდა მიზნად. გარდა ამისა, კომპანიებს საშუალება მიეცა, ოფისიდან გაუსვლელად წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მონაწილეობა მიიღონ ტენდერში. ეს კომპანიებისთვის სახელმწიფო შეკვეთის მიღების შანსს ზრდის, შემკვეთს კი საშუალებას აძლევს, იაფი მომწოდებელი იშოვოს.

თუმცა არსებული სატენდერო სეგმენტი დიდად არ შეცვლილა. სახელმწიფო ტენდერებში ყველაზე ხშირად ისევ ის კომპანიები იმარჯვებენ, რომლებიც ჯერ კიდევ ძველი სატენდერო სქემის მოქმედების დროს უპირობო უპირატესობას ფლობდნენ და რომელთა უკან ხშირად სახელმწიფო მოხელეები დგანან. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ამის შესახებ ხშირად საუბრობენ, თუმცა ამ ეჭვს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების ფონდის დაკვეთით სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე ჩატარებული კვლევაც ამძაფრებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ საწვავზე სახელმწიფო შესყიდვებში, ძირითადად, ერთი კომპანია ფიგურირებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ სფეროში ყველაფერი წესრიგში არ არის.