საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. აშშ არ შეწყვეტს ახლო აღმოსავლეთში აქტიურ ყოფნას, რათა არ დაუშვას რეგიონში რუსეთის, ჩინეთის ან ირანის დომინირება. ამის შესახებ შაბათს განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საუდის არაბეთში, სპარსეთის ყურის ლიდერთა სამიტზე გამოსვლისას, იტყობინება The Washington Post-ი.
„ჩვენ არ წავალთ და არ დავტოვებთ ვაკუუმს, რომელსაც შეავსებენ ჩინეთი, რუსეთი ან ირანი. შეერთებული შტატები აპირებს, ახლო აღმოსავლეთში აქტიურად ჩართული პარტნიორი იყოს,“ აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას შეასუსტებს. ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებით, რეგიონის ქვეყნები და აშშ საჰაერო თავდაცვის სისტემების ინტეგრირებას ახდენენ ჰაერიდან შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.
თავის მხრივ იორდანიის მეფე აბდალა II-მ სამიტზე გამოსვლაში თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის გარეშე, რომელსაც დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში ექნება.
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გლობალური და რეგიონული კრიზისები განაგრძობს გამწვავებას, ამიტომ არაბულმა ქვეყნებმა უნდა დაძლიონ პრობლემები და გამოწვევები.
„დადგა დრო არაბების ერთობლივი ძალისხმევისთვის, რათა რეგიონში ბოლო მოეღოს კონფლიქტებსა და სამოქალაქო ომებს,“ აღნიშნა ალ-სისიმ. მან ბაიდენს ასევე პირობა მისცა, რომ ეგვიპტე რეგიონში აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი დარჩება.
აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას ჯო ბაიდენის პირველი ახლოაღმოსავლური ტურნე 13-16 ივლისს გაიმართა. საუდის არაბეთი მარშრუტის დასკვნითი პუნქტია. სამეფოში ჩასვლამდე ის ესტუმრა ისრაელს და მოინახულა პალესტინელთა ავტონომია.
radiotavisupleba.ge