საზოგადოება
აფხაზურ მხარეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ადგილის შეცვლა სურს

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ განაცხადა 13 ივლისს, რომ საჭიროა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ადგილის შეცვლა ნაკლებად ანგაჟირებული ადგილით და ქალაქით, სადაც მოლაპარაკებების პროცესის ყველა მხარისთვის თანაბარი შესაძლებლობები და პირობები იქნება“, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“.

არძინბამ ეს განცხადება აფხაზეთში რუსეთის ახალ „ელჩთან“, მიხაილ შურგალინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ეს უკანასკნელი ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველად ჩავიდა ოკუპირებულ რეგიონში. ინალ არძინბას თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები შეჩერდა „არა ჩვენი ინიციატივით და არა რუსეთის ინიციატივით, არამედ დასავლური ქვეყნებისა და საქართველოს ინიციატივით“.

ჟენევის ფორმატზე განცხადების გაკეთებამდე, არძინბამ შურგალინს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მიესალმა მის „დიდ გამოცდილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში“. მისი თქმით, რიგ საკითხებზე, მათ შორის „ეროვნული უსაფრთხოების, აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების“ საკითხებზე „აქტიური და პროდუქტიური მუშაობის“ იმედი აქვს.

რამდენიმე კვირის წინ, მოსკოვმა ანალოგიური საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ წამოწია. რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა მაშინ, რომ დისკუსიები „ყველა მონაწილისთვის მისაღებ, უფრო ნეიტრალურ ადგილას“ უნდა გადაიტანონ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც მარტში იგეგმებოდა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და რუსეთისთვის ევროპის ცის დიდი ნაწილის ჩაკეტვის გამო გადაიდო.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.