რვა ოპოზიციური პარტია საარჩევნო გარემოს შესაცვლელად იწყებს „სამოქალაქო მოძრაობას თავისუფალი არჩევანისთვის“, რათა მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა, მათ შორის, პლებისციტის ჩატარებისა და დემონსტრაციების ორგანიზების გზით იმ წინადადებების მიმართ, რომლებიც „რვიანმა“ შესთავაზა ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
„ჩვენი ამოცანაა, ხალხს მივცეთ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობა, რაც უნდა განხორციელდეს თავისუფალი არჩევნების ჩატარების ან არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების არცნობის გზით“,– ნათქვამია რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში.ოპოზიციურმა „რვიანმა“ ეს განცხადება 7 ივნისს მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველი პარტიისგან შეთავაზებულ წინადადებებზე წერილობითი პასუხი მაისის ბოლომდე ვერ მიიღო. მხარეებს შორის საარჩევნო საკითხებზე მოლაპარაკებების ფორმატი მარტის შემდეგ შეჩერებულია.
მიუხედავადა იმისა, რომ „ხელისუფლებამ დღემდე არ მოისურვა ურთიერთკომპრომისებისა და შეთანხმებების გზით სიარული“, რვა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობებშ, „ვრჩებით ერთიანი პოზიციების მქონე მხარედ და თუ იგი მზად იქნება, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები კონკრეტულ საკითხებზე, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ამგვარი გადაწყვეტილებების მომზადებასა და განხორციელების პროცესში“.
ამდენად, სამოქმედო გეგმა, რომლის დეტალებიც „რვიანმა“ დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების განახლების საკითხს დღის წესრიგში ტოვებს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ოპოზიციური „რვიანი“ აპირებს, შეხვდეს ხელისუფლებას, რადგან მისი თანამონაწილეობის გარეშე, ალასანიას თქმით, ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია, თუმცა არ იქნება „პოლიტიკური ვაჭრობა“ და „ფასადურ ცვლილებებს არ დავთანხმდებით“.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ გეგმის ნაწილია მოსახლეობასთან უშუალო ურთიერთობების გააქტიურება და საინფორმაციო კამპანიის წარმოება მათი „თანადგომისა“ და „თანამონაწილეობის“ მოსაპოვებლად, რათა ხელისუფლება „ვაიძულოთ“, წავიდეს დათმობებზე.
აქტიური საინფორმაციო კამპანიის შემდეგ ამ გეგმის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია საერთო-სახალხო გამოკითხვა, რომელიც, წინასწარი ვარაუდოთ, ადრე შემოდგომაზე ჩატარდება.
უსუფაშვილის განცხადებით, პლებისციტის ფურცელზე „მოსახლეობისთვის გასაგები ენით“ განმარტებული იქნება ოპოზიციის წინადადებები საარჩევნო სისტემის, მოქალაქეთა აღრიცხვის მოდელის, დავების განხილვის წესის, საარჩევნო პროცესებიდან პოლიციის ნეიტრალიზებისა და მედიის დაბალანსებისა და ობიექტურობის მიღწევის საკითხებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციური „რვიანი“ აპირებს, „ყველა ოჯახში“ მივიდეს და ჰკითხოს – „ეს ცვლილებები სამართლიანი არჩევნების მისაღწევად მიაჩნია საჭიროდ თუ არ მიაჩნია“. პარალელურად, ამავე წინადადებებზე მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივები და შევა საკანონმდებლო ორგანოში.
„ამ პლებისციტის შემდეგ ჩვენი წინადადებები შეტანილი საქართველოს პარლამენტში და მხარდაჭერილი ქუჩაში დამდგარი მშვიდობიანი მომიტინგეებით – ეს არის ერთ-ერთი ის კულმინაცია, რომელიც ამ პროცესში იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
ოპოზიციური რვიანი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ის პოლიტიკური გაერთიანება არ არის, აცხადებს, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს არჩევნების შედეგების შეჯამებამდე და მისი წარმატებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერასა და შიდა აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, „რვიანის“ გეგმა არის შანსი და არა „წარმატების გარანტია“ იმისთვის, რომ არსებითი ცვლილებები მოხდეს. მისი თქმით, ამ გეგმას თან ახლავს რისკებიც, რაც უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, არ გადმოდგას თანამშრომლობისკენ ნაბიჯები და, ასევე, იმას, რომ პროცესმა სოციალური მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს.
„მოლოდინი იმისა, რომ ეს აქტივობა აუცილებლად წარმატებას მოიტანს, მე მგონი, თავად ოპოზიციურ „რვიანსაც“ არ აქვს და ცხადია, არ აქვს საზოგადოებასაც, მაგრამ ის, რომ ეს შანსი გამოსაყენებელია, ეს აშკარაა“, – განუცხადა ჟურნალიტებს კაჭკაჭიშვილმა.