საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. მიმაჩნია, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიად არ უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული. მას არ უნდა მისცემოდა სიძულვილის იდეოლოგიის გავრცელების საშუალება და არ უნდა ჰქონოდა საშუალება ემუშავა ხალხის მხარდაჭერის მიღწევაზე, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ მიკისკამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ელჩის თქმით, სიძულვილის იდეოლოგიის გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებით საქართველოში კარგი კანონმდებლობა არსებობს და რაც საჭიროა, ეს პოლიტიკური ნება და მხარდაჭერაა.
„არა მხოლოდ ქალბატონი პრეზიდენტი და საზოგადოება ელოდება სათანადო გამოძიებას და აგრეთვე, არა მხოლოდ ძალადობაში მონაწილეების, არამედ ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემას. მთელი ევროკავშირი და წევრი ქვეყნები, აქ წარმოდგენილი საელჩოები, ვიყავით და ვართ შესაბამისი გამოძიების მომხრე. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა შინაგან საქმეთა მინისტრთან და ვითხოვდით სწრაფ გამოძიებას. სამწუხაროდ, ორგანიზატორებამდე ჯერ არ მიუღწევიათ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ძალისხმევას. ჩვენ ვასრულებთ 5 ივლისის შემდეგ მიცემულ დაპირებას, რომ მივყვებით გამოძიებას და ჯერ კიდევ ამ პროცესში ვართ“, - აღნიშნა მიკისკამ.
როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა დასძინა, შინაგან საქმეთა მინისტრთან ბოლო შეხვედრა წელს სწორედ „თბილისი პრაიდამდე“ გაიმართა, რომელიც არა მხოლოდ შარშანდელ პოგრომს შეეხებოდა, არამედ მომავალსაც.
„შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დასაფასებელია, როგორ გაუმკლავდა პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო რისკებსა და მუქარებს „თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ ივლისის დასაწყისში და თქვენ ალბათ ნახეთ საელჩოების ერთობლივი განცხადებაც ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, დიახ, მივყვებით, მოვითხოვთ სათანადო გამოძიებას და აგრეთვე, მოვითხოვთ, რომ რეალურად აღმოიფხვრას სიძულვილის ენა და ზოგიერთი პოლიტიკური ფორმაციის არადემოკრატიული ქცევა“, - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.