სამართალი
ზურაბ აზარაშვილი: ქვეყანაში მშვიდი ეპიდსიტუაციაა და შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით მშვიდი ვითარებაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მინისტრის განმარტებით, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება და ეპიდვითარება სრულად მართვადია.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს რაიმე შეზღუდვის დაწესების საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა სრულად მართვადია, მინიმალურ ზღვარზეა. რამდენიმე ქვეყანაში არის შედარებით მეტი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის. თუ შევადარებთ აბსოლუტურ ციფრებში, მაგალითად, ერთი კვირის წინ საშუალოდ დღიური შემთხვევები თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500. ეს არის სულ, სამი მილიონ 700 000-იან ქვეყანაში.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. მათთვის, ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, მზად ვართ, ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში. ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც არის კოვიდის სამკურნალო, რამდენიმე თვის წინ, ეს მედიკამენტიც, „ფაიზერის“ წარმოების „პაქსლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. ვიყავით სულ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან, სიმძიმიდან და რისკიანობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინას. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, იმ შემთხვევებში, თუ არის უბრალოდ ტემპერატურის მატება და არაფერი სხვა, არ არის სიმძიმის გამომხატველი სხვა სიმპტომები, როგორც მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში ვამბობდი, და მაშინ თითქოს ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გარდაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს, ზუტად იგივე მიმდინარეობა აქვს და ზუსტად იგივეს ადასტურებენ დღეს ინფექციონისტები, რომ არაფერია საშიში, საპანიკო, შეგვიძლია, ინფიცირების შემთხვევაში მშვიდად გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ. რამე შეზღუდვის, ჩაკეტვის, თუ სხვადასხვა აკრძალვის შემოტანის საფუძველი დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა პირბადის ტარების ვალდებულება დაბრუნდეს დღის წესრიგში, – აზარაშვილი აღნიშნავს, რომ არსებული მონაცემებით ამის საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება.

100 და 500 შემთხვევა რომ ერთმანეთისგან 5-ჯერ განსხვავდება, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ რაღაცა მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ვიმსჯელოთ. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა წელს სხვადასხვა რესპირაციული ინფექცია. მაშინ რომ აღგვეღრიცხა, იქნებ, ათასობით ყოფილიყო. რადგან კოვიდპანდემია 2 წლის წინაა დაწყებული, მივყვებით სტატისტიკის აღრიცხვას, ეს არის უბრალოდ, თორემ სხვა ვირუსები, თუნდაც მიმდინარე წელს, სტატისტიკურად გაცილებით მეტი გვქონდა და არანაირი პანიკის და შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.