უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ურთიერთობების ნორმალიზება განიხილეს

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ურთიერთობების ნორმალიზება განიხილეს.

ინფორმაციას სომხეთის პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარების ორმხრივი პროცესის მნიშვნელობას, რაც ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

სომხეთის პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ კონტექსტში, ლიდერებმა გამოთქვეს იმედი, რომ პირველ ივლისს ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები მალე განხორციელდება.

ამასთან, სომხეთის პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სომხეთის პრემიერმა თურქეთის ლიდერს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა, ხოლო თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერს დამდეგი ვარდავარის დღესასწაული მიულოცა.

1tv.ge