საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. დროა, მოკლევადიანი ინტერესები გვერდზე გადაიდოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჰარცელი აღნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს.
„დროა, ყველამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ დაიკარგოს ეს შესაძლებლობები საქართველოს პროევროპული დღის წესრიგის დასაწინაურებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს. ცხადია, რომ წარმატების მისაღწევად, ეს ყველა პოლიტიკური მხარის თანაბარი პასუხისმგებლობაა.
ამას დავამატებ, რომ პოლარიზაციის მიღმა მესმის მათი ხმები, ვინც რეალურად ცდილობენ პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას, რომელ ხმებსაც საკმარისზე ხშირად ახშობს ორივე მხრიდან წამოსული ჭექა-ქუხილის ხმა იმ მხარეებისგან, რომლებსაც პოლიტიკაში ნულოვანი ჯამის – მე ვიგებ, შენ აგებ ლოგიკა და პრინციპი ურჩევნიათ. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მეტი სივრცის გამონახვა ამ შუალედური საღი ხმებისთვის კომპრომისების მოსაძებნად, რადგან საქართველოს ეს აშკარად სჭირდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ამასთან, ჰარცელმა პოლარიზაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საჭიროა, მხარეები როგორმე შეიკრიბონ და დაიწყონ განხილვა, როგორც თავად პროცესის, ისე ამ პროცესის მიზნების და არსის.
„ყველამ ვიცით, რომ ეს ფუნდამენტური გამოწვევაა. ჩემი აზრით, პოლარიზაცია ამ კონტექსტში პროცესის დასაწყისშიც არის და დასასრულშიც. დასაწყისშივე, ახლავე, საჭიროა, მხარეები როგორმე შეიკრიბონ და დაიწყონ განხილვა, როგორც თავად პროცესის, ისე ამ პროცესის მიზნების და არსის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუყაროთ თავი ამ დღის წესრიგისა და პროცესის მხარდასაჭერად.
საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ეს წარმატების მომტანი იქნება ამ პრიორიტეტების რეალურად განხორციელების მიმართულებით და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება, სულ მცირე, კიდევ ერთი ბიძგი შემდგომი დეპოლარიზაციისკენ. ასე რომ, გარკვეულწილად, ვფიქრობ, სწორედ ეს არის ხედვა, რომელიც უნდა წარმართავდეს მოქმედებებს. თქვენ ნახეთ, რომ კომისიის დასკვნაში მითითებულია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება, რაც არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელია. ეს შემთხვევითი არ არის. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ სახის პარტიათაშორისი ჩართულობა იქნება საჭირო საერთო დღის წესრიგის განსაზღვრისათვის.
მოხარული ვარ, რომ დისკუსია უკვე დაიწყო. ჩვენ ვნახეთ იდეები და წინადადებები მმართველი პარტიისგან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისგან და სხვებისგან. ამ ყველაფრის არსს თუ დავაკვირდებით, როგორც პროცესს, ასევე შინაარსს, ვხედავ საწყის წერტილს დისკუსიაში ჩართვისთვის, რომელიც შეძლებს წამოყენებული სხვადასხვა იდეისა და შემოთავაზებული ელემენტების გაერთიანებას. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში საჭირო იქნება პოლიტიკური ხელმძღვანელობის უნარი და ყველას გამბედაობა იმისთვის, რომ გადავიდეთ სივრცეში, სადაც კომპრომისის პოვნა შესაძლებელი იქნება. ეს სწორედ ის არის, რის დანახვაც ევროკომისიასა და ევროკავშირს სურთ მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.