საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაში მონაწილეობის საკითხი განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს, აწარმოონ ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევა.
კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, უნდა ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში საპარლამენტო ფრაქციები, პოლიტიკური ჯგუფები, დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები იქნებიან.
სამუშაო ჯგუფმა საპარლამენტო კონტროლის დახვეწისა და გაძლიერების მიზნით, საშემოდგომო სესიისთვის, შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები უნდა მოამზადოს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების საოქმო ჩანაწერი ბიუროს ეცნობება და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს გადაეცემა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, კომიტეტის თავმჯდომარემ მათ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. ირაკლი ქადაგიშვილმა სამუშაო ჯგუფში გაერთიანება ასევე მოუწოდა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.
„უნდა იყოს საკმაოდ ფართო ჩართულობა ყველა პოლიტიკური ჯგუფისა და ფრაქციისა. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ოპოზიცია არ არის ჩამოყალიბებული, ოპოზიციური დეპუტატები, კომიტეტის წევრები ამ კომიტეტის სხდომას არ ესწრებიან, მაგრამ ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში თავის თავში ჩამოყალიბდება და მიიღებს მონაწილეობას ამ სამუშაოს შესრულებაში, როდესაც სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყება. ამავდროულად, მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული შეხება და მუდმივად თანამშრომლობენ, მონიტორინგს აწარმოებენ პარლამენტის საკონტროლო ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე, მივმართავთ ყველა იმ ექსპერტს, რომელიც საგნობრივად და პროფესიულად მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ ჩვენ დავინახოთ ეს დიდი მოცულობა სამუშაოსი, რომელსაც საპარლამენტო კონტროლი ჰქვია, როგორ სრულდება, სად ვართ დღეს, რა გამოწვევები გვაქვს, რა პრაქტიკა არის, დავინახოთ კიდევ დამატებით რა საკითხები არის წინ წამოსაწევი, ამისათვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დავალება მიეცეს კომიტეტს და კომიტეტის აპარატს, რათა მოხდეს ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის შესწავლა. ამ დოკუმენტის საფუძველზე ჩვენ უკვე საგნობრივად შეგვეძლება სამუშაო ჯგუფში, ყველა ჩართულ მხარესთან ერთად მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს. დედლაინიც გვაქვს განსაზღვრული, რომ 21 სექტემბრისთვის, ანუ საშემოდგომო სესიისთვის უკვე კანონპროექტი უნდა გვქონდეს დარეგისტრირებული საჭიროების მიხედვით, ამას სამუშაო ვითარება გამოაჩენს. უკვე პირველი ნოემბრისთვის საპარლამენტო კონტროლის კუთხით პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ან სხვა სახის საკანონმდებლო აქტები უნდა მიიღოს, რაც ჩვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით ამ მიმართულებით გასაკეთებელი სამუშაო არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.