აქტუალური
2021 წელს საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მსურველთა რიცხვი 68%-ით გაიზარდა

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოდან ევროპის ქვეყნებში თავშესაფარს 14 970 ადამიანი ითხოვდა. როგორც ირკვევა, 2020 წელთან შედარებით ეს მონაცემი 6 065 ადამიანით არის გაზრდილი.

როგორც წესი, საქართველოს მოსახლეობის შემცირების უმთავრესი მიზეზი მიგრაციაა. ამასთან, განვითარებადი ქვეყნებიდან მიგრანტთა ზრდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზეა დამოკიდებული.

2021 წელს საქართველოში ემიგრანტების რიცხვმა იმიგრანტების რაოდენობას 25 966-ით გადააჭარბა. ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რის გამოც გასულ წელს ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა.

2020-2021 წლებში საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მსურველთა რიცხვის ამგვარი (68%) ზრდა სხვა ფაქტორებთან ერთად პანდემიასაც უკავშირდება.

2020 წელს მობილობის შემცირების გამო საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მსურველთა რაოდენობა 13 860-ით, 8 905-მდე შემცირდა.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან ევროპაში თავშესაფარს ითხოვდა:

2016 წელი — 8 775 ადამიანი;

2017 წელი — 12 060 ადამიანი;

2018 წელი — 20 950 ადამიანი;

2019 წელი — 22 765 ადამიანი;

2020 წელი — 8 905 ადამიანი;

2021 წელი — 14 970 ადამიანი.

2021 წელს 10 590 საქართველოს მოქალაქეს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვა. ქვეყნებს შორის აქ 28%-ით გერმანია ლიდერობს.