პოლიტიკა
ოპოზიციური რვიანის ახალ გეგმაში ქუჩის აქციებიც შედის

alasania_usupashviliროგორც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ოპოზიციური რვიანის“ წარმომადგენელმა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, „რვიანს“ აქვს კონკრეტული გეგმა, რომლის ნაწილი ქუჩის აქციებიცაა. მისივე თქმით, „ოპოზიციური რვიანი“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების კარს ღია ტოვებს, თუმცა მისგან პასუხს არ ელოდება და აგრძელებს საზოგადოების აქტიურ ჩართვას საარჩევნო რეფორმის პროცესში.

რაც შეეხება თავად გეგმას, ჟურნალისტებს განცხადების სახით ის დღეს „რესპუბლიკელების“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააცნო. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ოპოზიციური რვიანი“ სამართლიანი არჩევნებისთვის მასშტაბური მოძრაობის დაწყებას გეგმავს და სამართლიანი არჩევნების მოპოვებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ხალხს ანიჭებს.

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამართლიანი არჩევნების მოპოვებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური პროცესების მთავარი მონაწილის – ხალხის, უფრო აქტიურად და უშუალოდ ჩართვას. „რვიანი“ გეგმავს, რომ სამართლიანი არჩევნებისთვის მშვიდობიანი, კონსტიტუციური და მასშტაბური სამოქალაქო მოძრაობა დაიწყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდროდ თანამშრომლობით და მოქალაქეების თანამონაწილეობით. „რვიანი“ მიიჩნევს, რომ მათი ამოცანაა, ხალხს მისცეს ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობა, რაც უნდა განხორციელდეს თავისუფალი არჩევნების ჩატარებით, ან არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების არცნობის გზით. ეს ამოცანები მიიღწევა, საკუთარი უფლებების დასაცავად მობილიზებული საქართველოს მოქალაქეების აქტიურობით არა ერთ რომელიმე ადგილზე, არამედ 3500 საარჩევნო უბანში და საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის მხარდაჭერით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს „რვიანში“ შემავალი ყველა პოლიტიკური პარტია აწერს.