საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ბიზნესმენი შალვა ბრეუსი ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აშენებას გეგმავს. ბიზნესმენის თქმით, მუზეუმი აღჭურვილი იქნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო, საგამოფენო, დასასვენებელ-გასართობი ფუნქციებით და თანამედროვე პარკით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული კომპანიებისა და სტუდიების წარმომადგენელებთან შალვა ბრეუსმა შეხვედრა გამართა. ბიზნესმენი ამბობს, რომ თბილისში იმყოფებიან არქიტექტურული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. ამ ეტაპისთვის, ექვსი კომპანიაა შერჩეული. კონკურსში გამარჯვებული კომპანია ნოემბერში გამოვლინდება. მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დაიწყება. პროექტი ხუთი წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით მშენებლობის დასრულება 2028 წლისთვისაა დაგეგმილი.
„იმედი გვაქვს, უფრო სწრაფად დასრულდება ყველაფერი. მუზეუმს სჭირდება საგამოფენო სივრცეები, საავადმყოფოს შენობას ეს სივრცეები არ აქვს. ამიტომ ჩვენ უნდა მივუშენოთ დამატებითი კომპლექსები. ისე უნდა ჩავდგათ, რომ ისტორიული სურათი არავითარ შემთხვევაში არ დავარღვიოთ. უნდა აღვადგინოთ ეს ყველაფერი. ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა არქიტექტორებისთვის, რომ ჩადგან თანამედროვე კომპლექსი ამ ისტორიულ კომპლექსში. ეს მუზეუმი იმით იქნება განსხვავებული, რომ მუზეუმი იქნება არა მხოლოდ ტაძარი, რომელშიც მოდიხარ და ლოცულობ, იქნება სახლი, სადაც ახალგაზრდობა იგრძნობს თავს სახლში.
ჩვენ გამოვაცხადეთ საერთაშორისო კონკურსი. კონკურსი დავიწყე უფრო ადრე, ვიდრე გავხდი ამ ნაკვეთის მფლობელი, რადგან მეჩქარებოდა და ძალიან დაინტერესებული ვარ, სწრაფად დავამთავროთ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის. გამოვაცხადეთ კონკურსი, 14 არქიტექტურული ბიურო მონაწილეობდა, მთავარი მოთხოვნა იყო ორი – დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მუზეუმების მშენებლობაში და პროექტირებაში; მეორე, პარკების პროექტირებაში უნდა ჰქონდეთ გამოცდილება, რადგან ვაპირებთ აქ დიდი პარკის გაკეთებას, სკულპტურების პარკი იქნება მუზეუმის ნაწილი“, – განაცხადა შალვა ბრეუსმა.
საქინფორმი