საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ „წყენა გამოხატა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა“.
აღნიშნულით მან პრეზიდენტის ამასწინანდელი განცხადება შეაფასა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას „ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან“ კავშირი არ აქვს.
როგორც კობახიძე განმარტავს, პრეზიდენტს რადიკალური ოპოზიციის „წარუმატებლობა ეწყინა“.
„როგორც ჩანს, მან ამით გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინ რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა. სხვა სერიოზულ კომენტარს მე მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. მას რომ ჩაეკითხოთ, რას გულისხმობდა მაგალითად ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერ გიპასუხებთ, ვერაფერს გეტყვით.
შეგიძლიათ ჩაეკითხოთ, რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა და ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი მან გამოხატა წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა, მათი წარუმატებლობა ეწყინა“,- აღნიშნავს კობახიძე.
ცნობისთვის, ახლახან ქვეყანაში შექმნილ პროცესებს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას „გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან“.