საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ძირითადი ოპოზიციური პარტიები სკეპტიკურად შეხვდნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გეგმას, რომლითაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატობის მოსაპოვებლად ევროკომისიის 12 რეკომენდაცია/პრიორიტეტი უნდა შესრულდეს. გეგმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 1 ივლისს წარმოადგინა. ქვემოთ ოპოზიციის წარმომადგენელთა და პრეზიდენტის კომენტარებია მოცემული:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მმართველი პარტიის წინადადება პრო-ევროპული პროტესტის მუხტის შესუსტების მცდელობად შეაფასა.
„ისინი ცხადია არაფერს იზამენ. რამის გაკეთება რომ უნდოდეთ, ოპოზიციასთან ტელევიზიით საუბარი კი არ არის საჭირო, შეუძლიათ თვითონ დააინიცირონ შესაბამისი კანონები, მათ შორის, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული ნაბიჯები გადადგან; დააკავონ, დასაჯონ ის ადამიანები, ვინც ორგანიზებულ დანაშაულში არიან ჩართულნი“, – განაცხადა ცისკარიშვილმა 1 ივლისს ტელეკომპანია პირველისთვის მიცეულ ინტერვიუში.
პარტიის „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ 2 ივლისს ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკითხის „სამუშაო ჯგუფებამდე და კომიტეტებამდე დაყვანა, ბუნებრივია, არ აჩენს მოლოდინს იმისა, რომ ხელისუფლება მზადაა ძირეული რეფორმები გაატაროს“. „ჩვენი პოლიტიკური პარტია, ზოგადად, ყველა ინიციატივას მიესალმება, რომელიც იქნება რეალისტური… თუმცა, ქართული ოცნების მიმართ ნდობა არ არსებობს“, — თქვა მან.
„ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მმართველი პარტიის ინიციატივას „პროცესის იმიტაცია“ უწოდა. მან თქვა, რომ დეპოლარიზაციის გზა არის ევროკავშირის შუამავლობის ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მმართველმა პარტიამ შარშან ივლისში მიატოვა.
სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მოუტანა, უნდა გადადგეს. „უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც იქნება დროებითი, შეასრულებს 12 მოთხოვნას და მიიყვანს ქვეყანას შემდეგ არჩევნებამდე, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში“.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა: „იმ ფონზე… რა კურსიც აქვს ივანიშვილის რეჟიმს აღებული, ეს წინადადება არის უბრალოდ ცინიზმი და სერიოზულად არც კი უნდა განვიხილოთ არავინ“. „ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი ამოცანა, რომ საზოგადოების მობილიზებით ეს რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა“, – აღნიშნა ბოკერიამ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ როგორც ირაკლი კობახიძის გაჟღერებული გეგმას, ისე სამოქალაქო აქტივისტების მოწოდებებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის თაობაზე „არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან“.
„ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი“, – წერს პრეზიდენტი.
„ჩვენ ყველანი კი – ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია – ვალდებულნი ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!“.