საზოგადოება
ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადება: წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. დარწმუნებული ვართ, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ავრცელებენ.

დეპუტატები ეხმიანებიან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ შემუშავებულ 12-პუნქტიან გეგმას. როგორც დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებაშია ნათქვამი, გეგმაში დეტალურად არის ასახული რეფორმების განსახორციელებლად გადასადგმელი თითოეული ნაბიჯი.

მათივე თქმით, გეგმაზე რადიკალური ოპოზიციის პირველივე რეაქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებისას რაც უნდა გააკეთოს, ამ ძალისხმევას მას მაინც არავინ დაუფასებს და ჩაუთვლის.

პირიქით, თითოეული პუნქტი გამოყენებული იქნება როგორც მორიგი საბაბი ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის მიერ დადგენილი თითოეული პუნქტი, რადიკალური ოპოზიციის პერსპექტივიდან, რევოლუციური გეგმის 1/12 ნაწილად უნდა განვიხილოთ. ნაციონალური მოძრაობა და მისი შიდა და გარე პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან, გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ.

მიუხედავად ჩვენი საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის წარდგენილი გეგმის შესასრულებლად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. დარწმუნებული ვართ, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს. ხელისუფლებამ, საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს“, – აღნიშნულია დეპუტატების განცხადებაში.