პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს დეიმონ ვილსონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან მრავალწლიან პარტნიორობას. ხაზი გაესვა NED-თან აქტიურ თანამშრომლობას, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის მხარდაჭერის მიმართულებით. გამოითქვა მზადყოფნა, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული მჭიდრო თანამშრომლობისა და სამომავლო პარტნიორობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე გაატარა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის შედეგები აისახება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მიაღწიოს შემდგომ პროგრესს იმ რეფორმების მიმართულებით, რაც, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პროგრამის ოფიცერი იან მაკგინითი და პროგრამის ოფიცრის ასისტენტი ენდრიუ ლინდერი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.