პოლიტიკა
დასავლეთს არ ძალუძს, შეცვალოს უკრაინის ჯარების მდგომარეობა ფრონტზე - არჩილ იმერელი

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ზედმეტად ოპტიმისტური განწყობები, რომლებიც სუფევდა კიევსა და მის მხარდამჭერ დასავლეთის ქვეყნებში, უკვე გარკვეული დროა, გაქრა და შეიცვალა მსუბუქი პანიკით, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ძლიერდება. მართალია, არესტოვიჩის პროპაგანდა და თავად ზელენსკი განაგრძობენ პოზაში დგომას და საკუთარი ხალხის, ასევე გარესამყაროს უმეტესი ნაწილის მოტყუებას.

ბოლო ასეთი მაგალითი - უკრაინულ მასმედიაში პაწაწინა შავიზღვისპირა კუნძულის (0,2 კვ.კმ) ზმეინის მნიშვნელობის გადაჭარბებული შეფასება, რომელიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკური მოსაზრებებით დაცალეს, მაგრამ სულაც არ აპირებენ დაუთმონ უკრაინულ ძალებს, იქ გასამაგრებლად. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, მიუხედავად წინა პერიოდში განცდილი დანაკარგებისა, აგრძელებს დომინირებას და სრულად ახდენს უკრაინის სანაპიროსთან მისასვლელების ბლოკირებას, ნიკოლაევ-ოდესის გასწვრივ, რუმინეთის საზღვრამდე.

მაგრამ, რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დაპირისპირების ბედი წყდება ხმელეთზე, კერძოდ, ამჟამინდელი უკრაინის აღმოსავლეთში. რუსეთისა და მისი მოკავშირე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ჯარები ნელა, მაგრამ ძალზე დაბეჯითებით, მიიწევენ წინ. თუკი რუსების მიერ ადრე გაზაფხულზე, პატარა ქალაქ იზიუმის დაკავებას დასავლელ სამხედრო ექსპერტებზე მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, 18 მაისს პოპასნაიას აღებამ და ე. წ. „პოპასნაიას ყვავილის გაფურჩქვნამ“ უკრაინელების თავდაცვის აღმოსავლეთის ფლანგის სწრაფი მორღვევა და, შესაბამისად, დასავლეთში პანიკის გაძლიერება გამოიწვია. ნატოს წამყვანმა სახელმწიფოებმა - აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და სხვებმა გაზარდეს თანამედროვე მძიმე შეიარაღებების მიწოდება უკრაინისთვის (რომ აღარაფერი ვთქვათ პოლონეთის, ჩეხეთისა და სხვების მიერ გაწეული გულუხვი დახმარების შესახებ, ძველი საბჭოთა რეზერვებიდან). გლობალისტურმა „ომის პარტიამ“ აიძულა გერმანიის კანცლერი შოლცი, მწვანე შუქი აენთო უკრაინისთვის თანამედროვე ჯავშნიანი საარტილერიო ტექნიკისა და ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებისათვის. მიუხედავად ამისა, უკრაინის ჯარების ყველა მცდელობა, კონტრშეტევების გზით მოეხდინათ რუსეთის ძირითადი შემტევი ძალების ყურადღების გადატანა, წარუმატებლად დასრულდა: როგორც ხარკოვის, ისე ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის მიმართულებით. რუსეთისა და მისი მოკავშირე დონეცკ-ლუგანსკის ძალებმა აიღეს დონბასის მსხვილი ქალაქები - სვეტლოდარსკი, ლიმანი, სვიატოგორსკი, სევეროდონეცკი და უკვე ლისიჩანსკშიც შეიჭრნენ. ჯერი მალე სლავიანსკზე, კრამატორსკსა და ბახმუტზე (არტემიევსკი) მიდგება, რის შემდეგ რუსეთის ჯარები ზურგიდან შევლენ უკრაინის ყველაზე უფრო მძლავრად გამაგრებულ ხაზზე ავდეევკაში, მარინკასა და სხვა პუნქტებში, საიდანაც უკრაინელი ნაციონალისტები უაზროდ, შურისძიების წყურვილით, ესვრიან დონეცკის, მაკეევკის, გორლოვკის მშვიდობიან კვარტლებს...

ზელენსკიმ და მისმა გარემოცვამ ყური არ ათხოვეს თავიანთივე გენერლების რჩევას და დროულად არ გამოიყვანეს ჯარები დონბასიდან. ამიტომაც რუსებს ხელში უკრაინელი ჯარისკაცების ძალიან დიდი რაოდენობა უვარდებათ. უკრაინელი სამხედრო ტყვეების ციფრი ამჟამად დაახლოებით 6 ათას კაცს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ ტყვე უკრაინელების რაოდენობა უახლოეს დღეებსა და კვირებში საგრძნობლად გაიზრდება. ყველაფერი ეს იწვევს უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში საბრძოლო სულისკვეთების დასუსტებას; ამ უკრაინელებს, პროპაგანდის საშუალებით, რომელიც გებელსის პროპაგანდას ბევრად არ ჩამოუვარდება, არწმუნებდნენ, რომ რუსების დამარცხება იოლია, რომ რუსებს ჭურვები არ ყოფნით და სხვა. უკრაინის ჯარების რიგებში ახლა ასეთი გამოფხიზლების პროცესი მიდის, სულ უფრო ნაკლები ჰყავთ ფანატიკურად განწყობილი მებრძოლები, თავი ვერც უცხოელმა დაქირავებულებმა ისახელეს. გახშირდა უკრაინის ხელისუფლებისადმი ვიდეომიმართვები, რომლებიც ინტერნეტში თავისუფლად ვრცელდება. ვიდეომიმართვებს ცუდად გაწვრთნილი, ცუდად შეიარაღებული და ბედის ანაბარა მიგდებული უკრაინელი რეზერვისტები იწერენ, რომლებმაც არ იციან, რა უნდა ქნან.

მიუხედავად ამისა, დასავლეთი აანონსებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღებების მიწოდებას და ცდილობს, შეაჩეროს რუსების მძლავრი შეტევა. მაგრამ არსებობს სერიოზული ეჭვი იმაში, რომ ეს მიწოდება უკრაინას უშველის და რუსეთის ჯარებს შეაჩერებს. და ამაზე გამოცდილი ნატოს გენერლები საუბრობენ, როგორც მაგალითად, გადამდგარი გენერალი ჰარალდ კუიატი, რომელიც, სხვა თანამდებობებზე ყოფნის გარდა, ნატოს სამხედრო კომიტეტის თანამდებობასაც იკავებდა. ჯერ ერთი, დასავლეთს არ შეუძლია, უკრაინაში აგზავნოს დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, მეორეც, უკრაინელ სამხედროებს არ შეუძლიათ ამ შეიარაღებების ეფექტური გამოყენება.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ თანამედროვე ქვემეხები, რომლებიც უკრაინას მიეწოდება, უნდა შეესაბამებოდენ თავად უკრაინელების სამხედრო ოპერაციების წარმოებას. უკრაინელები გამაგრდნენ ქალაქებში და ცდილობენ, იქიდან შეუშალონ ხელი რუსული ჯარების წინსვლას. ეს არ გახლავთ სამხედრო მოქმედებების თანამედროვე წარმოება, ეს უფრო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მეთოდია იმ განსხვავებით, რომ მაშინ სანგრები გამოიყენებოდა, ახლა კი, ძირითადად - სახლები და ქარხნები. სამხედრო დაზვერვამ კი, მას შემდეგ უზარმაზარი პროგრესი განიცადა და ასეთი სტატიკური თავდაცვა რუსეთის ჯარებისთვის იოლ სამიზნეს წარმოადგენს. ჩვენი ქვემეხები, რომლებსაც ვუგზავნით უკრაინას, გარკვეულ ბალანსს კი უწყობს ხელს, მაგრამ ვერ შეიტანს გადამწყვეტ შემობრუნებას“ - განაცხადა გადამდგარმა გენერალმა კუიატმა გერმანულ სატელევიზიო არხ ntv-სთან საუბარში. კუიატმა გამოხატა დარწმუნებულობა, რომ რუსეთი უახლოეს ხანში დაიკავებს მთელ დონბასს და ყველაზე საინტერესო ვითარება ამის შემდეგ შეიქმნება: დაკმაყოფილდება რუსეთი მიღწეულით? როგორ რეაქციას მისცემს დასავლეთი - დათანხმდება იმას, რომ დადგეს ცეცხლის შეწყვეტა? „ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას, თუკი რუსეთი გამოაცხადებს, რომ ოპერაციის სამხედრო მიზნები მიღწეულია“ - დარწმუნებულია გერმანელი გენერალი.