საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 27 ივნისს ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „წელს არ გავხდებით, გაისად გავხდებით, როცა იქნება, ხომ აუცილებლად გავხდებით კანდიდატი?“.
აღნიშნა რა რომ, ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებით, ქვეყნის ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებას დაახლოებით 14-15 წელი სჭირდება, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „აქ რაღაცა განსაკუთრებული საჩქარო არაფერია“.
ჟურნალისტის კითხვაზე – ხომ არ უნდა გავიგოთ მისი ნათქვამი ისე, რომ თუკი საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს 6 თვეში ვერ შეასრულებს, ამაში ტრაგიკული არაფერია? – ირაკლი კობახიძემ უპასუხა – „ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა პუნქტს, ყველაფერი შესრულდება“.
ირაკლი კობახიძემ იქვე განმარტა, რომ ქვეყნისთვის „სტატუსი არის მხოლოდ პოლიტიკური წახალისება“ და მატერიალური დახმარების თვალსაზრისით ის არაფერს ცვლის.
მმართველი პარტიის თავჯდომარემ ისიც დაამატა, რომ საქართველომ ევროპული პერსპექტივის მიღებით ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით „ძალიან შორ“ გზაზე „კიდევ ერთი ნაბიჯი“ გადადგა.
ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსის ვერმიღების გამო ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის 24 ივნისის პროევროპული აქციის მიერ გადადგომისთვის ერთკვირიანი ვადის მიცემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მოთხოვნა ლოგიკას არის მოკლებული და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს.
მისი თქმით, არჩევნების გზით ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანას ქართული ოცნების გუნდი უნდა მართავდეს და კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად, დღეს ეს ასე ხდება. მმართველი პარტიის თავმჯდომარის მტკიცებით, პრემიერის გადადგომის შესახებ მოთხოვნა „კონსტიტუციური ლოგიკიდან გადახვევაა“.
მანვე სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული 20 და 24 ივნისის აქციებიც შეაფასა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი აქცია ნაციონალური მოძრაობის „ახალგაზრდული ფრთის“ მიერ იყო ორგანიზებული, ევროპის იდეის გარშემო ჩატარდა.
„როგორც კი გადაიყვანეს ეს ყველაფერი პოლიტიკური მოთხოვნებში, ნახეთ, რომ 10 ათას კაცამდე დავიდა მთლიანად აქციის შემადგენლობა“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ დაახლოებით იმავე რაოდენობის ადამიანს ელის იგი 3 ივლისის აქციაზეც.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების შესახებ ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მმართველი გუნდი ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც მზად არის დეპოლარიზაციისთვის.
„უბრალოდ იქითა მხრიდან ყველა ნაბიჯი გადაიდგა სწორედ პოლარიზაციისკენ, მოყოლებული სწორედ იმ დღიდან, როცა ევროკომისიამ თავისი დასკვნა გამოაქვეყნა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მისამართით.
რაც შეეხება „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ ევროკომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტში ჩანაწერს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქის განმარტებაში არ ჯდება.
მისი მტკიცებით, თუკი დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონს „გადმოვაკოპირებთ“, ვნახავთ, ოლიგარქის „ცნება“ არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ასევე ნაციონალური მოძრაობისდროინდელ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს და პარტია ლელოს საქართველოსთვის დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიესადაგებათ.
კობახიძისვე თქმით, ოპოზიცია სპეკულირებს, როდესაც ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილს მიემართება, რადგანაც იქ საუბარია არა კონკრეტულად მასზე, არამედ „ზოგადად ოლიგარქებზე, მრავლობითში“.