საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროკავშირის საბჭოს მიერ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას „ძალიან იაფფასიანი“ გადაწყვეტილება უწოდა.
ეს განცხადება გერმანელმა ევროდეპუტატმა გამოცემა „ევროაქტივთან“ საუბრისას გააკეთა.
„გადაწყვეტილება, რომელიც მოლდოვასა და უკრაინის საკითხზე იყო მიღებული, ძალიან იაფფასიანია. გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ სიტუაციაში ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფერი გვიჯდება. მათ ამ სტატუსით მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, როგორც ეს თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევვაში ვნახეთ, შეიძლება მუდმივად მოუწიოთ. კანდიდატის სტატუსი იყო უკანასკნელი, რისი გაკეთებაც ევროპის ლიდერებს შეეძლოთ, ფინანსური ვალდებულებების აღების გარეშე. ცხადია, კარგია ევროკავშირის ერთიანობა და უკრაინელებისთვის მიზნის მიცემა, როდესაც ისინი იბრძვიან საშინელ ომში. რაც შეეხება საქართველოს. ქვეყანას აქვს პრობლემა. წარსულში, ის ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში, საზოგადოების მოდერნიზაციაში. მაგრამ ახლა მათ სრულიად არასწორი მიმართულება აქვთ აღებული. და ამ ბზარების ამოვსების ნაცვლად, ისინი ამ ბზარს აფართოებდნენ, და ურთულებდნენ ევროპულ საბჭოს გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ მათთვის იგივე სტატუსი, რაც უკრაინას და მოლდოვას. სამართლიანია მხოლოდ შემდეგი – თავდაპირველად შეასრულეთ საშინაო დავალება და მხოლოდ შემდეგ მოგანიჭებთ იმ სტატუსს, რომელიც დანარჩენ ორ ქვეყანას მივეცით“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.