საზოგადოება
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამის მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც წინა დღის განმავლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია. კერძოდ – მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რათა საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლებელია, გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. გუნდი, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა მათი გადაწყვეტილება, როგორც დღეს უკვე ჩვენთან დისკუსიაში ჩანდა, იყო საბოლოო და უმრავლესობაზეც იგივე პოზიცია დააფიქსირეს. კიდევ ერთხელ, ყოველგვარი ინტერპრეტაციისგან რომ დავცალოთ ეს გადაწყვეტილება, მათ მიაჩნიათ, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც გარეთ უნდა გამოვიდეს, საჯარო გახდეს, არ არის საკმარისი, რათა საზოგადოებამ სწორი დასკვნები გააკეთოს. სწორედ ეს იყო შეუთანხმებლობის ერთადერთი მიზეზი“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ.