საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: ვატყობთ, ზოგიერთი პარტია არჩევნების შემდგომ მდგომარეობას უბრუნდება

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთი პარტია იგივე აბსურდში ბრუნდება, რაც იყო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზანია ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლების შეცვლა. შალვა პაპუაშვილი პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.

„ვატყობთ, რომ ზოგიერთი პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მდგომარეობას უბრუნდება, იგივე აბსურდში ბრუნდებიან, როცა თავად არიან გამთიშველები, მაპოლარიზებელი ფაქტორი. ამ ყველაფრის მიზანი არის, რაც მაშინ იყო – ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლების შეცვლა და ხალხის არჩევანის გამრუდება. როგორც ვხედავთ, უნდათ, ხალხს წაართვან არჩევანი და ხალხის საწინააღმდეგოდ მიიღონ ძალაუფლება.

დიდი ხანია, ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს. ასეთ შემთხვევაში, ყველამ ევროკომისიის რეკომენდაციების ნომერ პირველ პუნქტს შეხედოს. როგორც კი კითხვა გაგიჩნდებათ ამ განცხადების სისწორეზე, პირველ პუნქტს შეადარეთ – თუ ამ პუნქტს პასუხობს, სწორია, თუარადა -არასწორი, არაევროპული და არაპატრიოტული განცხადებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტია „ლელომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ თუ უარს იტყვის ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, პარლამენტსა და საკრებულოებში საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.