საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. დღეს არის საიუბილეო თარიღი – რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა რამდენიმე ძირითად ხელშესახებ შედეგზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანამ მიიღო.
„ეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, როდესაც ქვეყანა გახდა ასოცირებული წევრი ევროკავშირის და რეალურად, მას შემდეგ დაიწყო რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. რვა წლის წინ მქონდა პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე. მას შემდეგ, მინდა გამოვყო რამდენიმე ძირითადი ხელშესახები შედეგი, რომელიც ქვეყანამ მიიღო. პირველ ყოვლისა, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც გვაქვს ჩვენ, ქვეყანას, ევროკავშირთან. მას შემდეგ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს, ვაჭრობა იზრდება ევროკავშირში და ჩვენს მეწარმეებს გააქვთ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირში, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, ნულოვანი ბარიერის გარეშე. მეორე, მთავარი მიღწევა, ეს არის უვიზო რეჟიმი. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე ქართული პასპორტით გადაადგილდება უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებში, რაც, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან ხელშესახები შედეგია და მესამე – ახლა უკვე ჩვენი ევროპელი ლიდერების მიერ აღიარებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ მათი გაცხადებული დაპირება, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს სამი ძირითადი მონაპოვარი, სულ რაღაც რვა წლის განმავლობაში, ათი წლის განმავლობაში მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესი იყო გაჭიანურებული წინა ხელისუფლების დროს.
„მინდა, ასევე შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესი იყო გაჭიანურებული წინა ხელისუფლების დროს. სამი წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ მოლაპარაკების პროცესი. აღარაფერს ვსაუბრობ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერით და მიღებით, მოპოვებით, უვიზო რეჟიმის მიღებით და ახლა უკვე შეგახსენებთ – ევროპული პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას მიენიჭა. მჯერა, რომ ძალიან მალე მივიღებთ კანდიდატის სტატუსსაც და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას. ეს არის რეალური, რაც ქვეყანამ შეძლო ჩვენი მმართველობის ქვეშ.
კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პარტიის ინიციატივა იყო კონსტიტუციაში ჩაწერა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრება. ეს განისაზღვრა კონსტიტუციის დონეზე, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, ორიენტაცია არის სწორედ ევროატლანტიკური. ეს, რა თქმა უნდა, ასევე ჩვენი გუნდის დამსახურებაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ამ ძირითადი მიღწევების გარდა, ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრორეგულაციები და ევროდირექტივების შესრულება, დაახლოებით 45% არის შესრულებული.
„DCFTA-ს ნაწილში უკვე შესრულებული გვაქვს 50%. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორიცაა ადამიანის უფლებების სფერო, პენიტენციური სფერო, განათლება, მეცნიერება, ინოვაციები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, საჯარო სამსახურის რეფორმა, ენერგეტიკა, რეგიონული განვითარება.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელმოწერით, ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო-პროგრამებში მონაწილეობის დამატებითი იმპულსი მიეცა. ეს არის „ერასმუსი+“, „ჰორიზონტი 2020“, „შემოქმედებითი ევროპა“, Frontex, „ევროჯასტი“. ეს ყველაფერი არის ის, რაც ქვეყანამ ამ მოკლე დროში შეძლო, მოახერხა და მიიღო. ერასმუსის პროგრამაში მონაწილეობის მხრივ, საქართველო იკავებს მეექვსე ადგილს პროგრამაში მონაწილე 141 ქვეყანას შორის. ეს არის რეალური ინტეგრაცია ევროპასთან და ხელშესახები შედეგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.