პუბლიკაციები
თურქეთის კინოფონდში 1918 წლის ფირს მიაკვლიეს, სადაც ქართველი დელეგატებიც ჩანან

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ისტორიკოსმა და არქივისტმა ირაკლი იაკობაშვილმა, უცხოელი კოლეგის დახმარებით, თურქეთში 1918 წელს გადაღებულ კინოფირს მიაკვლია, სადაც აღბეჭდილია ტრაპიზონში, ამიერკავკასიის სეიმსა და ოსმალეთის ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილე პირები.

ქართველთა დელეგაციიდან ფირზე აღბეჭდილნი არიან: აკაკი ჩხენკელი, რომელიც შემდგომში პირველი დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, გიორგი ლასხიშვილი (განათლების მინისტრი), გიორგი გვაზავა, ვახტანგ ღამბაშიძე, ჰაიდარ-ბეგ-აბაშიძე და იმ პერიოდის ერთადერთი დიპლომატი ქალი რუსუდან მიქელაძე.

როგორც ირაკლი იაკობაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, საუკუნის წინ გადაღებულ კინოფირს თითქმის რვა წელი ეძებდა. მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგასაც სთხოვა დახმარება, მოეძიებინა თურქულ არქივებში მასალები. სამი დღის წინ კი მეგობარმა შეატყობინა, რომ ტრაპიზონის სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილე დელეგაციის ვიდეოფირს მიაკვლია. კინოფირი დაცულია თურქეთის ეროვნულ კინოფონდში.

„ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, რომელიც სიტყვით გამოვიდა მაშინ. მე ეს ტექსტი ვთარგმნე და 2017 წელს დაიბეჭდა. ჩემი სამუშაო სფერო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის კვლევაა და ამ მიმართულებით რამდენიმე წიგნი მაქვს გამოცემული.

ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციაში სამი ქვეყნის – საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები იყვნენ და ეს დელეგაცია გააგზავნეს ტრაპიზონში სამშვიდობო მოლაპარაკებების მიზნით. როგორც ისტორიიდან ვიცით, იმ პერიოდში რუსეთ-ოსმალეთის ომი მიმდინარეობდა, თურქების ჯარი უკან იხევდა, მაგრამ რუსის ჯარიდან მილიონამდე ჯარისკაცი გაიქცა, რადგან მათ ეგონათ, რომ ბოლშევიკები მიწებს დაურიგებდნენ და ასე რომ არ მოხდა, უკან დაბრუნდნენ, რუსეთში.

თურქები ფეხზე წამოდგნენ, მოძლიერდნენ და უცებ წამოვიდნენ საქართველო-სომხეთისკენ. რუსული ჯარი აღარ იყო და ქვეყანა, ფაქტობრივად, საზღვრების გარეშე დარჩა. აი, ამ პროცესების მონაწილე იყო ეს დელეგაცია“, – გვითხრა ირაკლი იაკობაშვილმა.

მისი თქმით, ამ დელეგაციაში იყო ერთადერთი ქალი, რუსუდან მიქელაძე, რომელიც თავის წერილებში წერდა კინოფირის შესახებ.

„კინემატოგრაფი მოვიდა და გადაგვიღო კინოო. რუსუდანის შთამომავლებს ოჯახში აქვთ ფოტოები, რომლებიც იმ დროსაა ტრაპიზონში გადაღებული, მაგრამ ფირის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. მე ვეძებდი ამ ფირს, ვფიქრობდი, იქნებ შემორჩენილი იყოს სადმე-მეთქი. იმედი მქონდა, რომ თურქები შეინახავდნენ.

მე მყავს აზერბაიჯანელი მეგობარი იუსუფ ისმაილი, რომელსაც ინტენსიური ურთიერთობა აქვს თურქეთში სხვა ისტორიკოსებთან და მათთან ვთხოვე ინფორმაციის გადამოწმება. სამი დღის წინ მომწერა, რომ ვიპოვეო. თურქეთის კინოარქივში ყოფილა შემონახული“, – გვიყვება ირაკლი იაკობაშვილი.

ვიდეოზე ჩანს საქართველოს დელეგაციის წევრები, რომლებიც კიბეზე ადიან სომხეთის დელეგაციასთან ერთად. ჰაიდარ აბაშიძე ფოტოებში სახით ჩანს, მაგრამ ვიდეოში ზურგითაა ასახული, ფირზე ჩანან ასევე რუსუდან მიქელაძე, ჩხენკელი, გვაზავა, მესხიშვილი.

„სხვათა შორის, თურქებს ძალიან გაუკვირდათ თურმე ქალის დელეგაციაში ყოფნა, ჩვენ არსად გვინახავს აქამდე ქალი დელეგაციებში და ძალიან საინტერესოაო, უთქვამთ“, – ამბობს ირაკლი იაკობაშვილი.

მისი თქმით, გასაბჭოების შემდეგ რუსუდან მიქელაძე არ წავიდა ემიგრაციაში, თუმცა წყაროების მიხედვით, მას აქტიური ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთში, ემიგრაციაში წასულ მაშინდელ მთავრობასთან და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიმოწერა და დოკუმენტი ინახება მის არქივში.

„ბოლო წლებში თეატრალური ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა. ძალიან ბევრი თეატრალი იცნობდა ამ ქალს, ძალიან კარგად იცოდა რუსული და სოფიკო ჭიაურელიც წერდა მასზე, რომ დედაჩემმა როცა მოინდომა დალაგებული რუსული მესწავლა, ბავშვობიდანვე რუსუდან მიქელაძესთან მატარებდაო“.

რაც შეეხება ვიდეოს, ირაკლი იაკობაშვილის თქმით, თურქეთის მხარემ მასზე წვდომა საჯარო გახადა, თუმცა ბევრმა არ იცის ამის შესახებ.

„თუ ადამიანმა არ იცის რა არის ამ ფირზე, ვერ მიხვდება. მე რადგან ვიცოდი რა მინდოდა, ამიტომ მივაგენი.

მე ვეცდები, თურქულ მხარეს ვთხოვო, რომ ორიგინალიდან კარგად დასკანერებული ვერსია მოგვაწოდოს, რადგან ინტერნეტში ატვირთული ვიდეო დასამუშავებელია და როცა დამუშავდება, გამოსახულებაც ბევრად კარგი იქნება. მე მაინც ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს ფირი შემორჩა და ვიპოვეთ“, – გვითხრა ირაკლი იაკობაშვილმა.

მისი თქმით, თურქულ არქივებში ამ პერიოდის შესახებ ძალიან დიდი მასალები ინახება და კარგი იქნება, თუ ქართული მხარე მისი შესწავლით დაინტერესდება.

batumelebi.netgazeti.ge