პოლიტიკა
კახა კუკავა: „თბილისში გამართული „ჰოლივუდური ზეიმი“ 26 მაისის ტრაგედიის ფონზე განსაკუთრებით ცინიკური იყო“

akcia_te26როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, „გუშინ საპროტესტო აქციის დროს 4 ადამიანის დაკავება იმის დადასტურებაა, რომ ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების მორიგი ტალღა დაიწყო“.

„5 ივნისს თბილისში 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის შესახებ ფილმის საზეიმო პრეზენტაცია გაიმართა. ეს ცერემონია განსაკუთრებით ცინიკური იყო 26 მაისის ტრაგედიის ფონზე, როდესაც, მიუხედავად, მინიმუმ, 4 ადამიანის მსხვერპლისა, ქვეყანაში გლოვის დღეები არ გამოცხადებულა. გაუგებარია, აგრეთვე, რა არის საზეიმო აგვისტოს ტრაგედიის გახსენებაში, რომელიც, სააკაშვილისგან განსხვავებით, მთელი საქართველოსთვის მართლაც ტრაგედიაა და არა ზეიმი.

გუშინ საპროტესტო აქციის დროს 4 პიროვნება – ლაშა ჩხარტიშვილი, მაია, ირინა და ირაკლი ბათიაშვილები – დააკავეს. განსაკუთრებით ამაზრზენი იყო სასამართლოდ წოდებულ შენობაში – გალიაში დედა-შვილი მაია და ირინა ბათიაშვილების, როგორც ნამდვილი ბანდიტების, გამომწყვდევა. როდესაც დაკავებულების მამამ და მეუღლემ სხდომაზე დასწრება მოითხოვა, მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს.

რაც შეეხება ლაშა ჩხარტიშვილს, რომელსაც 10-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, ის პრაქტიკულად რუსთაველის გამზირზე დგომის ბრალდებით იქნა დაკავებული, რაც, როგორც ჩანს, რეპრესიების ახალი ტალღის დაწყებას მოასწავებს, ამის მიზანი კი ქვეყანაში რეალური, არასატელიტი ოპოზიციური ძალების სრული ლიკვიდაციაა, – აცხადებს კუკავა, რომლის აზრითაც, – ტირანიის შესაჩერებლად მთელი ოპოზიციური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებაა აუცილებელი“.