პუბლიკაციები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ - ჩვენმა პარტიამ და ჩვენმა მთავრობამ - ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან: ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ახლა კი ოფიციალურად წარვადგინეთ განაცხადი, რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, ეს არის ჩვენი მიზანსწრაფვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2017 წელს ასევე განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები და მასში განისაზღვრა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი.

2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები განვახორციელეთ და მასში განვსაზღვრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს იყო ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2015 წელს, როდესაც ნატო-სთან ერთობლივი წვრთნების ცენტრი გავხსენით. უწყების გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმყოფებოდა თბილისში. ამიტომ, ეს არის ჩვენი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო დემონსტრირება. ეს არის ჩვენი მოტივაცია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, სტრატეგიული მოთმინება და სტრატეგიული მზაობა გვაქვს. ვიცით, რომ მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. ნატო-ში გაწევრიანებას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსი სჭირდება. ნატო-წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ წევრობის მინიჭების თაობაზე. მოდით, აქაც ღიად ვთქვათ, არ ვართ მიამიტები. გვესმის, რომ საქართველოს პრობლემები აქვს. ტერიტორიული პრობლემები გვაქვს რუსეთთან. ჯერ ის უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ ნატო-წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატო-ელი პარტნიორების აზრი“,- განაცხადა პრემიერმა.